კონკურსი „მის საქართველო 2013" და შემოქმედებითი კონცერტი „ხელების ძალა მუსიკაში" - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ყრუთა კავშირის ორგანიზებით სმენადაქვეითებულ გოგონათა შორის გაიმართება სილამაზის კონკურსი. ღონისძიება 8 დეკემბერს 17:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" მოეწყობა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიორიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში. პროექტი ხელს შეუწყობს უნარშეზღუდულთა თვითშემოქმედების პოპულარიზაციას და მიზნად ისახავს სმენადაქვეითებულ პირთა წახალისებას.
სილამაზის კონკურსში მონაწილეებისთვის შეირჩა სიმღერები, გაიმართა რეპეტიციები, დაიდგა ქართულ-ევროპული ცეკვის ნომრები. კონკურსზე გამარჯვებული გაემგზავრება ჩეხეთში საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ყრუთა კავშირის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.