„ზამთრის ექსპო" - ამ სახელწოდების ყოველწლიურ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც „International Women Asosiation"-ის მიერ იქნება ორგანიზებული, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პირველად წარსდგება. გამოფენა დღეს 10:00-18:00 საათამდე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასშია" წარმოდგენილი.
საშობაო გამოფენას ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 1999 წლიდან ატარებს. აქციიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს გადაერიცხებათ. 2013 წლის საახალწლო გამოფენა-გაყიდვის მთავარი ბენეფიციარი საქართველოს პორტიჯის ასოციაციაა, რომელიც დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის სპეციალურადაა შექმნილი. პორტიჯის პედაგოგები, ფსიქოლოგები, და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები ამჟამად 62 ბავშვს აერთიანებენ.
გამოფენა-გაყიდვაზე, საელჩოებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება უამრავი ქართველი ხელოვანის ნაწარმოები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას წარმოებული პროდუქცია, ინტერნაციონალური სამზარეულო სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით და ბავშვების გასართობი ოთახი, სადაც ბავშვებს თოვლის ბაბუა ესტუმრება. ასევე მოეწყობა ლატარეა და მეორადი წიგნების გამოფენა-გაყიდვა.