reportiori.ge - ბრაზილიაში არჩევანი-არადანი გაითვალეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:27
სპორტი
ბრაზილიაში არჩევანი-არადანი გაითვალეს
07 დეკემბერი, 2013. 13:38

პატარა საკურორტო ქალაქ კოსტა დო საუიპეში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. 32 უძლიერესი გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა.


A ჯგუფი:

1. ბრაზილია

2. ხორვატია

3. მექსიკა

4. კამერუნი


ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი „სასეირნო" ჯგუფში მოხვდა. ლუიშ დელიპე სკოლარის შეგირდებს გადათამაშებების ხარჯზე მოხვედრილი ხორვატებისა და მექსიკელების, ასევე გვარიანად მობერებული კამერუნის წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. ხორვატია საერთოდ უცნაური გუნდია, არც აუტსაიდერებს მიეკუთვნება და არც გრანდებში წერია; თუ ხასიათზეა სენსაციის მოხდენაც შეუძლია და მაჩანჩალასთანაც წააგებს. მექსიკა საერთოდ ძლივს მოხვდა ბრაზილიაში წამსვლელთა სიაში. მართალია, გადათამაშება დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ ვისთან? - უკბილო ახალ ზელანდიასთან. კამერუნი ბოლო წლებია საფეხბურთო სკანდალებით უფროა დაკავებული ვიდრე ბურთის გორებით.


რეპორტიორის პროგნოზი:

1. ბრაზილია;

2. ხორვატია;

3. მექსიკა;

4. კამერუნი.


 

B ჯგუფი:

1. ესპანეთი

2. ჰოლანდია

3. ჩილე

4. ავსტრალია


მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი. აქ მთავარი ინტრიგა ჩილეს ნაკრებია, საკმაოდ ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია ორივე გრანდს დააკარგვინოს ქულები, შესაბამისად პირველ-მეორე ადგილების ბედს სწორედ ესპანეთისა და ჰოლანდიის ჩილელებთან მატჩის შედეგი განსაზღვრავს. ავსტრალია უიმედო აუტსაიდერად მოჩანს და ქულებს ვინ ჩივის, ბურთი თუ გაიტანეს ის უნდა გაუხარდეთ.


რეპორტიორის პროგნოზი: ჰლანდიელებს, გაუჭირდებათ, მაგრამ მეორეზე მაინც გავლენ:

1. ესპანეთი;

2. ჰოლანდია;

3. ჩილე;

4. ავსტრალია



 

C ჯგუფი:

1. კოლუმბია;

2. საბერძნეთი;

3. კოტ-დივუარი;

4. იაპონია.


კოლუმბიას აქვს ისტორიული შანსი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეს და სავარაუდოდ ამ შანსს გამოიყენებს; კარგი იქნება თუ ბერძნების „ჩახურული" თამაში შედეგს ვეღარ მოიტანს, ზოგადად ფეხბურთისთვის იქნება კარგი. აფრიკელების ამ თაობისთვის ეს ბოლო ჩემპიონატია და ძალას არ დაიშურებენ ჯგუფიდან გასასვლელად. იაოპონელებს ცუდი გუნდი არ ჰყავთ, თუმცა მათი პოტენციალი ალბათ მხოლოდ საბერძნეთი წასაქცევად იქნება საკმარისი.


რეპორტიორის პროგნოზი:

1. კოლუმბია;

2. კოტ-დიუვარი;

3. იაპონია;

4. საბერძნეთი.

 

 

ჯგუფი:

1. ურუგვაი;

2. კოსტა-რიკა

3. ინგლისი;

4. იტალია.


ესეც „სიკვდილის ჯგუფი". კოსტა-რიკელ ბიჭებს თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ,  რადგან მათი მთავარი ამოცანა შეხვედრების შემდეგ სასურველი მაისურების მოპოვება თუ იქნება.

ძნელი სათქმელია, ურუგვაელების შეტევის ხაზი იმარჯვებს, იტალიელების დაცვა თუ ინგლისელების ნახევარდაცვა. აქ თავიდანვე დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი და მსოფლიოს ჩემპიონატების ხიბლიც ეს არის.


რეპორტიორის პროგნოზი: ჯერარდი და ლამპარდი ვარსკვლავებს ვეღარ წყვეტენ, მხოლოდ რუნი კი საკმარისი არ იქნება:

1. ურუგვაი;

2. იტალია;

3. ინგლისი;

4. კოსტა-რიკა.

 


E ჯგუფი:

1. შვეიცარია;

2. ეკვადორი;

3. საფრანგეთი;

4. ჰონდურასი.


როდესაც სამი გუნდის ვინაობა გარკვეული იყო, ყველა დარჩენილი ქვეყნის წარმომადგენელი ლოცულობდა, რომ მათთან მოხვედრილიყო, საბოლოოდ ბედმა საფრანგეთს გაუღიმა და ჯგუფის ლიდერიც უპირობოდ დიდიე დეშამის გუნდი იქნება, თუ რა თქმა უნდა, მეხუთე შემადგენლობით არ ითამაშებს. მეორე ადგილის ბედი შვეიცარია-ეკვადორის პაექრობაში გაირკვევა; მცირე უპირატესობას ევროპელებს მივანიჭებდი.

რეპორტიორი პროგნოზი:

1. საფრანგეთი;

2. შვეიცარია;

3. ეკვადორი;

4. ჰონდურასი.



F ჯგუფი:

1. არგენტინა;

2. ბოსნია;

3. ირანი;

4. ნიგერია

 

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ბედმა არგენტინასაც გაუღიმა; მესი და ძმანი მისნი აშკარა ფავორიტები არიან, თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ფლეი-ოფში მათი სავარაუდო მეტოქე E ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება; გუნდი თამამად უნდა მოემზადოს მეოთხედფინალისთვის. მეორე ადგილისთვის ორი თანაბარი ძალის გუნდი იბრძოლებს და შესაძლოა საგზური მან მოიპოვოს, ვინც მეტ გოლს გაუტანს ირანს.


რეპორტიორის პროგნოზი:

1. არგენტინა;

2. ნიგერია;

3. ბოსნია;

4. ირანი.


G ჯგუფი:

1. გერმანია;

2. პორტუგალია;

3. განა;

4. ა. შ. შ.

 

გერმანელებზე არაფერს ვიტყვი, რადგან ყოველთვის და ყველგან ფავორიტების რანგში გვევლინებიან. მეორე ადგილისთვის ბრძოლა კი სამივე გუნდს შეუძლია. შეძლებს კრისტიანო რონალდო გუნდის მომდევნო ეტაპზე გაყვანას? დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. განა გაცილებით დაბალანსებული და ფიზიკურად ძლიერი ნაკრებია, რაც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს: „საჩუქარი" არავისთვის იქნება იურგენ კლინსმანის გაწვრთნილი აშშ-ც, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზებაც შეუძლია.

რეპორტიორის პროგნოზი:

1. გერმანია;

2. განა;

3. პორტუგალია;

4. ა. შ. შ.



H ჯგუფი:

1. ბელგია;

2. ალჟირი;

3. რუსეთი;

4. სამხრეთ კორეა.

 

აქ აუტსაიდერად ალჟირი მოსჩანს, ტრადიციულად მებრძოლი გუნდი ეყოლება კორეას; ბელგიელებმა ბრაზილიის საგზური ერთი ამოსუნთქვით მოიპოვეს, მაგრამ ეყოფათ გამოცდილება ახალგაზრდა ვარსკვლავებს? ვიტცელი, აზარი, ლომბერტსი, ლუკაკუ - ამათ ჯერ ნამდვილი დენთის სუნი არ უყნოსიათ, მაგრამ ვფიქრობ, ჯგუფიდან გასასვლელად ტალანტიც ეყოფათ. აშკარად გაუმართლა რუსეთის ნაკრებს და მის იტალიელ თავკაც ფაბიო კაპელოს. სლავების საშუალო შეძლების ნაკრები სხვა ჯგუფიდან ნაღდად ვერ გააღწევდა.


რეპორტიორის პროგნოზი:

1. ბელგია;

2. რუსეთი;

3. კორეა;

4. ალჟირი.


P.S. ამბობენ, პროგნოზის კეთება უმადური საქმეაო. მე კი მგონია, რომ კარგი საქმეა, კიდევ უკეთესი კი პროგნოზების მსხვრევაა და ინტერესიც ამას აქვს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016