reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მოთმინებით სამართლიანობა აღდგება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:05
ინტერვიუ
ირაკლი სესიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მოთმინებით სამართლიანობა აღდგება!
07 დეკემბერი, 2013. 14:42

სამართლიანობის აღდგენა ის საკითხია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ახალი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლად". იცვლებიან  მაღალი თანამდებობის პირები, მაგრამ უცვლელია რეალობა. ხელისფლების ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დანაპირები სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ამ დრომდე შეუსრულებელია.


რთულია დაადგინო, რომელი დროის სამართლიანობის აღდგენას ელოდება ხალხი, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის თუ მიხეილ სააკაშვილის დროინდელს,  მაგრამ როგორც ჩანს, ხალხს იმდენ ხანს მოუწევს ლოდინი, „რამდენიც გამოძიებას დასჭირდება".


რა დროა საჭირო სამართლიანობის აღსადგენად, როგორ აგრძელებს მუშაობას ხელისუფლება ახალი პრემიერის პირობებში და ემუქრება თუ არა კოალიცია „ქართული ოცნებას" დაშლა უახლოეს მომავალში, ამ და საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხებზე „რეპორტიორი" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:



- ბატონო ირაკლი, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლამდე, ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მთავრობას ახალი პრემიერის პირობებში გადაწყვეტილების მიღების პრობლემა დაუდგებოდა. რა ხდება ამ ეტაპზე ხელისუფლებაში და რამდენად გამართლდა ზემოთაღნიშნული პროგნოზი?

- ხელისუფლებაში ყველაფერი კარგადაა, არაფერი გვიჭირს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და მთავრობასთან ერთად კოლეგიალურად იღებს გადაწყვეტილებებს.  მას პარლამენტიც მხარში უდგას და ჩვენ მომავალი წლიდან ამ მუშაობის რეალურ შედეგებს დავინახავთ.


- კულუარებში კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლაზეც საუბრობენ და ამ მოსაზრების გასამყარებლად, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის მიერ დაანონსებული, ბიზნეს-სექტორში შესაძლო გადაბარგების მაგალითი მოჰყავთ...

- კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლა თუ ვინმეს  ოცნებად აქვს ქცეული, მინდა იმედები გავუცრუო. კოალიცია იმდენ ხანს იარსებებს, სანამ მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ბატონ დავით საგანელიძეს, მე არ ვფირობ, რომ  პოლიტიკიდან წავა, ვინაიდან ის უმრავლესობის ლიდერია და  პასუხისგებლობა აქვს აღებული უმრავლესობის წინაშე.


- ბატონო ირაკლი, ხალხი უკმაყოფილოა სამართლიანობის აღდგენის ნელი ტემპით. რატომ გაიწელა საზოგადოების მიერ მოთხოვნილი სამართლიანობის აღდგენის პროცესი? 

- ყველას გვინდა, რომ შედეგები დავინახოთ დღეს. თუ ამას მალე გავაკეთებთ, მაშინ უნდა გადავდგათ რადიკალური ნაბიჯები. თუ რადიკალურ ნაბიჯებს გადავდგამთ, მაშინ კანონს უნდა ავუაროთ გვერდი.  თუ კანონს გვერდს ავუვლით, მაშინ იმავე სტილის მმართველობას მივიღებთ, რაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს. თუ გვინდა, რომ დემოკრატიულ შედეგებს მივაღწიოთ, ამას სჭირდება თანმიმდევრული  პოლიტიკა და  მოთმინება.  დარწმუნებული ვარ, რომ მოთმინებით სამართლიანობა აღდგება.


- რატომ არ არის ამ დრომდე გამოძიებული ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა გირგვლიანი, ჟვანია, რობაქიძე, ვაზაგაშვილი...

- მე საზოგადოების მესმის, მაგრამ საქმეების ობიექტურად გამოძიება მოითხოვს ფაქტების და მტკიცებულებების მოძიებას და მათზე დაყრდნობას რასაც სჭირდება დრო და უნდა დაველოდოთ.


- როდემდე, ბატონო ირაკლი?

- იმდენ ხანს, რამდენიც გამოძიებას დასჭირდება.


- რაც შეეხება კოჰაბიტაციის დასრულებას, ეს ხომ არ არის ის საკითხი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება  შეუსრულებელ საარჩევნო დანაპირებთა სიაში ჩაიწერს?

- კოჰაბიტაცია ნიშნავს ორმაგ მმართველობას. საქართველოში კოჰაბიტაცია დასრულდა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა. შესაბამისად, როგორც პრეზიდენტი, ასევე მთავრობა, არის ერთი კოალიციის წარმომადგენელი. შესაბამისად, არანაირი კოჰაბიტაცია არ არსებობს. თუ ვინმეს ის არ მოსწონს, რომ უმცირესობა აგრძელებს თავისი ტყუილების კამპანიას, ჩვენ პირებს ვერავის ამოვუკერავთ. დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მათ აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და ვისაც სურვილი აქვს მოუსმენს და ვისაც არ ექნება ამის სურვილი, არ მოუსმენს.


- პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი უახლოეს მომავალში ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნებას არ გამორიცხავს...

- მათი საქმეები სასამართლოშია. ვანო მერაბიშვილს უკვე შეეფარდა ერთი სასჯელი. თუ ამას ვერ ხედავენ და მაინც აქტიურ პოლიტიკაში ელოდებიან, ალბათ, მათ მინიმალური კანონები არ ესმით.


- უნდა ველოდოთ თუ არა მიხელ სააკაშვილის პასუხისგებლობის საკითხის დაყენებას?

- ჩემთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის ყველაზე მთავარი კანონის უზენაესობაა. არავის აქვს ინდულგენცია ჩადენილი დანაშაულის გამო. თუ იარსებებს შესაბამისი მტკიცებულებები, ვინც არ უნდა იყოს ეს, მიშა, ვანო, ირაკლი თუ გრიშა, კანონის წინაშე პასუხს აგებს.


- რიგი დასავლელი ლიდერები ამჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის გასამართლებას არ ურჩევენ და აცხადებენ, რომ ეს საქართველოსთვის დემოკრატიის თვალსაზრისით საზიანო იქნება...

- პირველ რიგში, სწორედ დემოკრატია ითხოვს კანონის უზენაესობას.


- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკრაინაში გაემგზავრნენ. პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში პასიურია და ისე არ დგას საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის გვერდით, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა  უკრაინელების მხრიდან...

- უმცირესობას, რომელსაც სახელიუფლებო პასუხისგებლობის განცდა არა აქვს, რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლებით გამოირჩევა. ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ უკრაინასთან ურთიერთობას,  მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ამ ქვეყანასთან მიმართებაში გამოვიკვეთოთ როგორც მხარე.


- ბატონო ირაკლი, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს. საუბარია იმაზე, რომ ამ შეთანხმების მისაღებად, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარკვეული გარიგება მოხდება...

- ჩვენ არავისთან გარიგებაზე წასვლას არ ვაპირებთ. ამის სურვილი რომ გვქონოდა, ამას მაშინ გავაკეთებდით, როცა ორი ხმა გვჭირდებოდა. მითუმეტეს, როდესაც უმცირესობა დარწმუნებულია იმაში, რომ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან მიმართებაში  არასწორი  იყო და მას  ვიწრო, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. მათ ჩვენზე უკეთაც კი იციან, რომ ჩვენი პოზიციაა სწორი  და მხარსაც დაგვიჭერენ.


- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ისინი პირად საუბრებში ღიად ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებას. ერთადერთი გარემოება, რის გამოც შესაძლოა მხარი არ დაგვიჭირონ, არის იმის სურვილი, რომ ხელი შეგვიშალონ და თუ ეს უნდათ შევახსენებ მათ, რომ ამით სახელმწიფო ინტერესებს აზიანებენ.


- ბატონო ირაკლი, როგორ ემზადება ხელისუფლება მომავალი ერთი წლისთვის, ხომ არ ელოდებით  რუსეთის მხრიდან  გარკვეული სახის  პროვოკაციებს?

- ხელისუფლება ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის, რაც კი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მისამართით.


- არსებული ხელისუფლების ძალიან ბევრი საჯარო მოხელე და მაღალი თანამდებობის პირები მოიხსნენ  თანამდებობიდან და მათ მაგივრად ახალი კადრები დაინიშნეს.  ხომ არ  არის ეს გარკვეული შურისძიება ძველი ხელისუფლების მისამართით?!

- დაივიწყეთ შურისძიება. საქართველოში საკადრო მიმართულებით სერიოზული პრობლემებია, რადგან ქვეყანაში პროფესიონლი კადრების დეფიციტია. ახალი კადრების შესარჩევად კი, ყველა სამინიტრო  კონკურსს აცხადებს.


- ...რომელიც ფორმალურია და დედლაინის პროცესშიც კი გამოცხადებულ ვაკანსიებზე უკვე მუშაობენ  „სასურველი" კადრები...

- ჩემთან ასე არ ხდება, რეალური კონკურსები ტარდება. კონკურსის გზით მოდიან და მიდიან. ამაში შეიძლება ვინმემ ვიწრო ინტერესები ან წინა ხელისუფლების კუდები დაინახოს, ეს ბუნებრივი პროცესია.  რეალურად კი ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯარო მოხელეების  მხოლოდ 3-4%-ია შეცვლილი.

- გმადლობთ!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016