reportiori.ge - კობა კობალაძე: პატრიოტს უნდა დაერქვას პატრიოტი, მოღალატეს კი - მოღალატე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:20
პრეს-დაიჯესტი
კობა კობალაძე: პატრიოტს უნდა დაერქვას პატრიოტი, მოღალატეს კი - მოღალატე...
ავტორი:
07 დეკემბერი, 2013. 18:52

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, რომლის ავტორთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული წლების განმავლობაში იმყოფებოდეს დევნილობაში. თავად ემზარ კვიციანის განცხადებით, თუ ხელისუფლების ნება იქნება, საქართველოში დაბრუნდება.


ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაბრუნდნენ. პირადად მას დევნილობის სტატუსი გაუვიდა, ცხოვრობს მეგობრებთან და არ გააჩნია პასპორტი, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. კვიციანის განცხადებით, მისი პასპორტი იუსტიციის სახლშია და მეუღლეს არ გადასცეს, რადგან ძებნაში იმყოფება.

 

„თუ ხელისუფლების ნება იქნება, საქართველოში დავბრუნდები. ჩამოვალ ლეგალურად ან ნებისმიერ ქართულ საკონსულოში მივალ და ჩავბარდები. მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან და თუ ბრალი დამიმტკიცდება, დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აცხადებს ემზარ კვიციანი.

 

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეა, იმსახურებს სამართლებრივ მიდგომას. თუ ემზარ კვიციანი რამეშია დამნაშავე, მითუმეტეს, უნდა ჩამოვიდეს და გასცეს პასუხი იმას, ვისაც დამნაშავე ჰგონია. მიუღებელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ის არის დევნილობაში. ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის, მისი მეგობრებისთვის, ოჯახისთვის და, რაც მთავარია, თავად ემზარისთვის. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის გასცეს ყველა კითხვას პასუხი, ყველა ინსტანციაში გამოცხადდეს და არ დაემალოს არავის, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე.


გენერალი კობა კობალაძე კი თვლის, რომ დამნაშავეა თუ არა კვიციანი, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

გენერალმა კობა კობალაძემ For.ge-ს კითხვებს უპასუხა.

 

- ბატონო კობა, თქვენ მიმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, ითხოვთ, რომ კვიციანს მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, რომ მან დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა, როგორც ვიცი, ამ დრომდე ხელისუფლება არ გამოგხმაურებიათ. ელოდებით თუ არა, რომ ამ მიმართვას მოჰყვება რეაგირება?

- ჩვენ მივმართეთ და მოდით, დავაცადოთ. ჩემი აზრით, აუცილებლად იქნება პოზიცია გამოხატული და, პირველ რიგში, ეს ხელისუფლების ინტერესშია, იმიტომ, რომ მოქალაქეები ელოდებიან უზენაეს სიტყვას. ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაცა სტატუსის მინიჭებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ერთ მარტივ თემაზე, მიეცეს ადამიანს იმის უფლება, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს.

 

- ემზარ კვიციანი არ იყო დამნაშავე?

- ამას წყვეტს სასამართლო და კანონი. მე ვიცი მისი შემართება, მისი ხედვა და მისი ქვეყნისადმი თავდადებულობის პოზიცია. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, უნდა მიეცეს ადამიანს იმის საშუალება, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ამაზეა სწორედ აქ საუბარი. ეს არის უმაღლესი სამხედრო რანგის, ემზარის ყოფილი თანამებრძოლების და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პოზიცია, რომელსაც აინტერესებს სიმართლე.


არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავერკვეთ სიმართლეში. პატრიოტს უნდა დაერქვას პატრიოტი, მოღალატეს კი მოღალატე.

 

- რაც შეეხება თავად „მონადირის" დაშლას, რაც გახდა კვიციანის დაუსწრებლად გასამართლების საფუძველი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილის არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაშლილიყო „მონადირე", გახლდათ ის, რომ ისინი არიან კრიმინალები და, რომ ეს დანაყოფი კრიმინალური მენტალიტეტით მართავდა კოდორის ხეობას. როგორ ფიქრობთ, საერთოდ, ამ დანაყოფის დაშლის რეალური მიზეზი არ უნდა იყოს გამოძიებული?

- რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის უპასუხისმგებლო განცხადებებს, ეს არ იყო არც პირველი და არც ბოლო. მიუხედავად თავისი უპასუხისმგებლო განცხადებებისა და ქმედებებისა, მას ჰგონია, რომ საზოგადოებას მახსოვრობა არა აქვს და ყველაფერი შერჩა. არა, ჩემო ბატონო, მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს, ისევე როგორც მისი მოღვაწეობის წლებზე.


რაც შეეხება თვითონ ფაქტს, აქ არაა მარტო ემზარ კვიციანის საკითხი, აქ არაა მარტო მისი ბრალეულობის თუ უდანაშაულობის თემაზე ლაპარაკი, აქ მთავარია იმის აღიარება, რომ ამით ქვეყანას მიადგნა საკმაოდ მძიმე დარტყმა. ქვეყნის ინტერესები არის შელახული, მისი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული.


როგორც იკვეთება რაღაცა გადაცდომებს და გარიგებებს აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის თუ არა საფუძველი იმის, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხის რეალურად გამოძიება? - რა თქმა უნდა, კი. რამდენი ასეულობით ოჯახი დაზარალდა, რამხელა ტერიტორია მოეჭრა ქვეყანას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, რომ იარაღის დაკარგვაზე და ჯარისკაცის მოწამვლაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და ა. შ. მითხარით, რითი არაა საფუძველი ყოველივე ის, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ დაიწყოს გამოძიება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში განისაზღვროს ის, რომ დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.


ჩვენ გვავიწყდება, რომ იგივე ოქრუაშვილი იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი და საძირკვლის ჩამყრელი იმ უკანონობისა, რაც ქვეყანაში ნელ-ნელა ინერგებოდა. ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის მოქმედებებზე, სწორედ ამაზე ვსაუბრობ.

 

- თუმცა, ფაქტია, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება, რა გახდა „მონადირის" გაუქმების წინაპირობა...

- მესმის თქვენი პოზიცია. დღევანდელი ხელისუფლება სამართალმემკვიდრე გახდა იმ უკანონო მოქმედებების, რაც ამ ბატონებმა 9 წლის განმავლობაში ჩაიდინეს, მათი გამოსასწორებელია ეს ყველაფერი. ამიტომ, მათი პოზიცია საკმაოდ მძიმეა და გარკვეულწილად, დროსაც მოითხოვს. არ შეიძლება 9 წლის განმავლობაში ნაჭენავები, ერთი ხელის მოსმით გადააკეთო. ყველამ ხომ ვიცით რა იყო ადამიანის დაჭერის და ხელოვნურად ახალი გმირების შექმნის წინაპირობა?! - იყო ის ლაჩრული ბუნება და გუნება, რომელიც თითოეულ ამ ვაიორგანიზატორს და ვაიხელმძღვანელს ჰქონდა თავის დროზე.


მათი აზრით, საქართველოს ისტორიაც 2003 წლიდან იწყებოდა, მაგრამ რა ისტორიაც დაიწყეს, იმ ისტორიით დაამთავრეს. ზუსტად იმ ისტორიაში სხვების ადგლი არ იყო, იქ მხოლოდ მათი ადგილი იყო. ამიხსენით ხალხო, რა იყო იმის მიზეზი, რომ გორში მოწინააღმდეგე შემოვიდა და ჩვენ კონცერტი გავმართეთ რუსთაველზე? ყველა ერთი სახით მოძრაობდა, გეგონება ერთი კონვეირიდან გამოსული ბავშვები იყვნენ.


მზამზარეული ხელისუფლება გადაიბარეს და მაინც გადაწყვიტეს, რომ ცეცხლით და მახვილით დაემყარებინათ თავისი წესრიგი და არა ქვეყნის წესრიგი. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც იქნება დამპყრობელი, მაგრამ იმის რესურსი გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი საკუთარი ქვეყანა და სამშობლო, ეს რესურსი არის სწორედ რეგიონალური თავდაცვის პრინციპები, მთელი განვითარებული მსოფლიო სწორედ ამ გზით მიდის.



თამთა ქარჩავა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016