ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე არ უსაუბრიათ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს სოჭში გუშინ გამართულ შეხვედრაზე უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე არ უსაუბრიათ.
"უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი სოჭში გამართულ შეხვედრაზე არ განხილულა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები საფინანსო-კრედიტულ სფეროში", - აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაში.
ჟურნალ „The Economist"-ის უფროსი რედაქტორის ედვარდ ლუკასის ინფორმაციით, სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უკრაინას 5 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, ხოლო გაზის შესყიდვის ფასი, 500 აშშ დოლარის ნაცვლად, 200 აშშ დოლარი იქნება. როგორც ლუკასი ტვიტერის გვერდზე წერს, ამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა უკრაინის საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა.