გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი რუსეთში სოჭის ზამთრის ოლიმპიადას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. გერმანული ჟურნალი Der Spiegel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფედერალური პრეზიდენტის უწყებამ ხელისუფლებას უკვე აცნობა.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტის ბოიკოტი, რომელსაც სპორტსმენთა ნაწილიც იზიარებს, რუსეთში რამდენიმე თვის წინ მიღებულ კანონს უკავშირდება, რომელიც „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას" კრძალავს.
იოაჰამ გაუკს არ სურას, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებამ გერმანელი ათლეტების უპატივცემულობად აღიქვას, რის გამოც იგი ოლიმპიადიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს 24 თებერვალს მიუნხენში უმასპინძლებს.
იოაჰამ გაუკი, გერმანიის პრეზიდენტობის პერიოდში, 2012 წლის მარტიდან დღემდე რუსეთში ოფიციალური ვიზიტით არ ჩასულა. მან რუსეთი ადამიანის უფლებების დარღვევისა და ოპოზიციური მასმედიის შევიწროებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. 2012 წლის ივნისში კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რის ოფიციალურ მიზეზადაც სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები დაასახელა.