reportiori.ge - რაულ ჩილაჩავას ექსკლუზივი კიევიდან! (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:52
მსოფლიო
რაულ ჩილაჩავას ექსკლუზივი კიევიდან! (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
09 დეკემბერი, 2013. 12:03

არნახული ხალხმრავლობა იყო კიევის ცენტრში. დილიდანვე გადაიჭედა დედაქალაქის ქუჩები. ადამიანები არიან ყველგან – მოედანზე, ტროტუარებზე, ფერდობებზე. თავისუფლების მონუმენტთან უზარმაზარ ქვაბებში ტარას ბულბას ულვაშებიანი მამაკაცები კაზაკების უმთავრეს კერძს კულიშს ხარშავენ. სანდომიანი სახის გოგონებს, როგორც დიპლომატიურ მიღებაზე, ლანგრებით დააქვთ ნამცხვრები, ბუტერბროდები და უმასპინძლდებიან მსურველებს. აქ ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოსული ხალხია თავმოყრილი. ბევრი დილით ჩამოვიდა, ბევრიც აქვე ათენებს და აღამებს. რანაირ ლოზუნგებს არ ნახავთ ირგვლივ „ძირს ბანდა!“ № 1 მოთხოვნა – იანუკოვიჩის გადადგომა“, „აღსდექ, კიევო!“ „უკრაინა ევროპაა“... ფრიალებენ ეროვნული და ევროკავშირის დროშები. იგრძნობა საოცარი ერთსულოვნება და კეთილგანწყობა.

 

დილიდანვე მე და ჩემი უფროსი ვაჟი მომიტინგეთა შორის ვტრიალებთ. ჩვენ არა მარტო სეხნიები, არამედ კოლეგებიცა ვართ. რაული უკვე საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტია, ბარე ორჯერა აქვს შემოვლილი მთელი მსოფლიო, ამიტომ სურს, რომ მისი დედულეთი უკრაინაც ისეთივე წარმატებული და ღირსეული ქვეყანა იყოს, სხვადასხვა კონტინენტებზე რომ უნახავს. სამწუხაროდ, ეს ჯერ-ჯერობით აუხდენელი ოცნებაა არა მარტო მისთვის, არამედ მილიონობით უკრაინელისთვისაც, თუმცა საამისოდ ყველა პირობა არსებობს. დამოუკიდებლობის ოცდამესამე წლისთავზე აღმოჩნდა, რომ ქვეყანა მთლად დამოუკიდებელი არ ყოფილა, რადგან სახელმწიფოს პირველ პირთა თქმით, მთელი ევრონული ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული და მისგან მოწყვეტა კოლაფსის ტოლფასია თურმე. თუ რატომ არ მოხერხდა ამ ხნის მანძილზე ალტერნატიული ბაზრების მოძებნა, ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ბევრი სხვა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმა, ან რატომ ატყუებდა ამდენი ხანი საკუარ ხალხსაც და მსოფლიოსაც ევროარაკებით, ამ კითხვებზე ხელისუფლებას პასუხი არა აქვს. უკრაინა, რომელსაც შთამბეჭდავი აგრარული, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური რესურსი, ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია, ცხრა წლის მანძილზე მეორედ ამტკიცებს, რომ იგი ევროპაა და სურს სწორედ ევროპელ ხალხთა თანამეგობრობაში კანონიერად და დამსახურებულად გაწევრიანება. ამ სულისკვეთებას იზიარებს უკრაინის მოქალაქეთა ის ნაწილი, ვინც იცის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ყადრი, ვისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების, შრომისა და დასვენების ღირსეული პირობები. ამ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგომას თითქმის არაფერი აკლდა, ერთი პატარა ფორმალობა – ასოციაციაზე ხელისმოწერა – იყო საჭირო, მაგრამ საამისოდ პრეზიდენტ იანუკოვიჩს გამბედაობა არ ეყო. ჩრდილოელი მეზობლის მუქარა და შანტაჟი იმდენად საშიში აღმოჩნდა მისთვის, რომ ხელმოწერას მსოფლიოს თვალში შერცხვენა ამჯობინა. აღშფოთება, რომელმაც მოიცვა მოსახლეობა, ვინმეს მიერ ორგანიზებული არ ყოფილა, ადამიანებმა თავისით იწყეს დამოუკიდებლობის მოედანზე საპროტესტოდ შეგროვება, რაშიც დიდი როლი შეასრულეს სოციალურმა ქსელებმა. ბუნებრივია, მასობრივ პროტესტს სწორი გზით წარმართვა სჭირდებოდა და საპარლამენტო ოპოზიციამაც უზენაესი რადის შენობიდან დაუყოვნებლივ ღია ცისქვეშ გადმოინაცვლა.

 

დღეს აწ უკვე ლეგენდარული ევრომაიდნის მეჩვიდმეტე დღეა, რომელზეც კვლავ შეიკრიბა მილიონზე მეტი ადამიანი იმავე მოთხოვნით: მინისტრთა კაბინეტისა და პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი არჩევნები, დაპატიმრებულ მომიტინგეთა განთავისუფლება და ევროკავშირთან ასოციაციური წევრობის გაფორმება. ამ დროს პრეზიდენტი იანუკოვიჩი საერთოდ დუმს, პრემიერი აზაროვი რაღაც გაურკვეველ და არადამაჯერებელ განცხადებებს აკეთებს, რეგიონების პარტია ყველაფერიში ბრალს ოპოზიციას სდებს, მილიცია კი მასმედიას, რომელიც თავად აშუქებს მოვლენებს და მათ ეპიცენტრში იმყოფება, აწვდის ცნობას, რომ მიტინგზე 50-ათასამდე მონაწილე იმყოფება. ამასვე იმეორებენ რუსეთის სატელევიზიო არხებიც (სხვათაშორის, ჩვენ ვიყავით რეგიონების მიერ ფულით მოწყობილ ანტინმაიდანზეც, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი უაზროდ იდგა და ყურსაც არ უგდებდა უცნობ ორატორთა ისტერიულ გამოსვლებს). იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება საერთოდ არაა მზად ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან რაიმე სახის მოლაპარაკებისთვის. იგი ელოდება მომენტს, როცა სახალხო აღშფოთების მუხტი ჩაქრება, მომიტინგეები ნელ-ნელა დაიშლებიან და მაშინ ოპოზიციის ლიდერებს აქტივთან ერთად ხელში ადვილად ჩაიგდებს. ასეთ სცენარს ლიდერებიც არ გამორიცხავენ, რადგან უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით. ეს ის სიგნალია, რომლის გაუთვალისწინებლობა შეიძლება საბედისწეროდ იქცეს მათთვის, ვინც დღეს უძღვება საპროტესტო აქციებს, ავრცელებს მოწოდებებს, აწესრიგებს მოედანზე მიმდინარე პროცესებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით დაცული სახალხო დეპუტატები არიან.

 

სხვათაშორის, აუგუსტო პინოჩეტმა შენიშნა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის და არ არსებობს მუხლი მისი მოხდენისთვის. აკი გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. აი, ამიტომაც არის აუცილებელი გამარჯვება, რომელიც იქნებ სულაც ახლოა. თუმცა ვინ იცის! პრეზიდენტის ავისმომასწავლებელი დუმილი, მისი საიდუმლო მოლაპარაკებები პუტინთან, ხმები იმის თაობაზე, რომ მათ უკვე მოაწერეს ხელი უკრაინის საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ, ბევრ საგანგაშო ფიქრს ბადებს. უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ახლა კი ოპოზიციონერ დეპუტატს ანატოლი გრიცენკოს მიაჩნია, რომ ხელისუფლების დასათრგუნად აუცილებელია ათი დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდეს 300-ათასკაციანი მიტინგი და ბლოკირებულ იქნას ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყება. ხალხის სინაკლებე რომ არ იქნება, უკვე ცხადია, მაგრამ მთავარია ამ უდავო ძალის გონივრულად და წინდახედულად გამოყენება.

 

ბევრი ფიქრობს, რომ მომიტინგეთა სისხლიანი დარბევის შემდეგ პრეზიდენტი მეორედ ვერ გაბედავს იგივეს განმეორებას. თუმცა ესეც არის: მას არჩევანი არ დარჩენია. თუ ოპოზიციის მოთხოვნას შეასრულებს და გადადგება, დაკარგავს არა მარტო სკამს, არამედ იმ ულევ სიმდიდრესაც, რომელსაც ის და მისი „ოჯახი“ ფლობს. იგი ამას ნებაყოფლობით არც იზამს, რადგან კომპლექსებით შეპყრობილი პიროვნებაა. იანუკოვიჩის კომპლექსი მოკლედ შეიძლება ასე გამოიხატოს: თუ ბავშვობაში ველოსიპედი არ გყოლია და ახლა „ბენტელი“ გყავს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ბავშვობაში ველოსიპედი არ გყოლია.

 

სწორედ „ველოსიპედის კომპლექსითაა“ გამოწვეული იანუკოვიჩის დაუოკებელი ლტოლვა განცხრომის და უსაზღვრო სიმდიდრისკენ (სწორედ ამ სიმდიდრის შენარჩუნების სურვილმა შესაძლოა მას არაადექვატური გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს, რასაც უსათუოდ მოჰყვება ამჟამად მთელ ქვეყანაში მიმდინარე სამშვიდობო აქციების უმართავ დაპირისპირებაში გადაზრდა. სავსებით მოსალოდნელია, რომ ამით ისარგებლოს რუსეთმა და მის მონაპირე, ე. წ. „რუსულოვან ოლქებში“ კონფლიქტის კერები გააჩაღოს. გამოცდილება აკლია თუ ზნეობა დაუშლის). თუმცა არაა გამორიცხული, რომ ფეხშიშველი და მშიერი ბავშვობის კომპენსაცია ხალხის ხარჯზე ამავე ხალხის უმკაცრეს განაჩენად დაუჯდეს. და აქ საფრანგეთისა თუ რუსეთის რევოლუციების, ჩაუშესკუსა თუ ყადაფის მაგალითთა მოხმობა ზედმეტად მეჩვენება. ყველას საკუთარი ფანტაზიით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შესაბამისი სურათი.

 

რაულ ჩილაჩავა

 

 

P. S.  „რეპორტიორი“ მადლობას უხდის ბატონ რაულ ჩილაჩავას, ამ მძიმე დღეებში სპეციალურად „რეპორტიორისთვის“ ექსკლუზიური მასალების მოწოდების გამო!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016