უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში, მაიდანზე შეკრებილები შინაგანი ჯარებისა და "ბერკუტის" ალყაში არიან მოქცეული.
საუბრობენ, რომ შესაძლოა, ძალოვანმა სტრუქტურებმა შტურმით აიღონ პროფკავშირების სახლი, სადაც ევრომაიდანის აქტივისტები არიან შეკრებილი.
ასევე "ბერკუტის" ავტობუსებმა კიევში, ცუმ-ის შენობასთან მოძრაობა გადაკეტეს. შინაგანმა ჯარებმა კი მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
ცოტა ხნის წინ, ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ მაიდანზე შეკრებილებს მოუწოდა დამოუკიდებლობის მოედანზე გადავიდნენ.
„ხელისუფლება ცდილობს, რომ ფსიქოლოგიურად გაგვტეხოს და შეგვაშინოს, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ მტკიცედ დგომას. მოვუწოდებთ ყველას მაიდანზე მოსვლისკენ. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მალე ჩავშლით ხელისუფლების გეგმებს", - განუცხადა კლიჩკომ მომიტინგეებს.
ამასთან, კლიჩკომ უსაფრთხოების მიზნით შეკრებილებს მოუწოდა, ქალებსა და ბავშვებს მაიდანი დაეტოვებინათ.