reportiori.ge - ვინ არიან კახა ქორიძის მეგობრები?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:11
პრეს-დაიჯესტი
ვინ არიან კახა ქორიძის მეგობრები?
ავტორი:
13 დეკემბერი, 2013. 22:06

მეგობრებისა და მეგობრობის შესახებ ვესაუბრებით საქართველოს სამეფო სახლის კანცლერს კახა ქორიძეს:

 

- არ ვიცი, შევძლებ თუ არა, სრულყოფილად გადმოვცე ის, რასაც ჩემი მეგობრების მიმართ ვგრძნობ? ზოგადად მეგობრობა საინტერესო, რთული და იდუმალებით მოცულია, როგორც, საერთოდ, სიყვარული, მამაკაცსა და ქალს შორის. ურთულესი გრძნობაა და უბედნიერესი ვარ იმით, რომ უფალმა ცხოვრებაში უამრავ კარგ ადამიანს შემახვედრა და ბევრი ღირსეული მეგობარი მყავს! ლამის მთელი საქართველო ჩემი მეგობარია. მათი სახელები და გვარები რომ ჩამოვთვალო, ვიღაც აუცილებლად გამომრჩება და არ მინდა, რომელიმე მათგანს გული ვატკინო ან რაიმე პრობლემა შევუქმნა ჩემთან მეგობრობის გამო.


არაერთი მეგობარი მომყვება სკოლიდან. ცხადია, ყველასთან ერთნაირად ახლოს ვერ ვარ, მაგრამ ყველანი მენატრებიან. უდიდეს სიხარულს განვიცდი, როდესაც მათ ვხვდები შეიძლება, წლები ისე გავიდეს, ვერ შევხვდე მეგობარს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თუ მეგობრობა გულწრფელია, წლები ვერაფერს აკლებს. ალბათ, თითოეული მეგობარი ჩვენი ბიოგრაფიის ნაწილია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს მეგობარში ჩვენი თავი გვიყვარს...


ბავშვობაში ვერაზე ვცხოვრობდი და, ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, როგორ საინტერესო ადამიანებთან ერთად გავატარე ის ულამაზესი წლები. აღარაფერს ვამბობ სტუდენტობის დროს შეძენილ მეგობრებზე, რომლებთან ერთადაც არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადამხდენია. ძალიან ბევრი და საინტერესო ადამიანი გავიცანი სამსახურებში. მთელი ჩემი ცხოვრება სამ-ოთხ ადგილზე ვმუშაობდი, რასაც ჩემი მეგობრები კახას პარალელურ ფრენას ეძხადნენ. რა მექნა?! ექვსი შვილი მყავდა და ჩემს დიდ ოჯახს ერთი ხელფასი არ ყოფნიდა... თუმცა, შემეძლო ერთი სარფიანი სამსახური მქონოდა, მაგრამ ვარჩიე ჩემთვის საინტერესო სამსახურები პატარა ხელფასებით. არ ყოფილა სამსახური, რომ სამი-ოთხი მეგობარი არ შემეძინა. ჩემი ამხანაგების ამხანაგებიც ჩემი მეგობრები გახდნენ და ასე, ნელ-ნელა გაფართოვდა ჩემი სამეგობრო წრე. მყავდა უფროსი მეგობრებიც. ბატონი გურამ რამიშვილი და ბატონი ნიკო ჭავჭავაძე. ჩემს ნააზრევს რომ გავანდობდი, თვალებზე ცრემლებიც კი ადგებოდათ, ისეთი მოსმენა იცოდნენ და უხაროდათ ჩემი წარმატებები... ძალიან განვიცადე მათი გარდაცვალება. მათი სახით შესანიშნავი ადამიანები და მეგობრები გამოაკლდნენ ქვეყანას და მეც. ამ ხნის მანძილზე უამრავი მეგობარი დავკარგე, მათ შორის, მეუღლეც. ჩვენ ერთ კლასში ვსწავლობდით. ჩემი მეუღლე მესამე კლასიდან მიყვარდა. ერთგულება უმნიშვნელოვანესია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება ამ ადამიანს დავუკავშირე. სამწუხაროდ, ოთხი წლის წინათ ჩემი მეუღლის სახით ყველაზე დიდი მეგობარი დავკარგე. ალბათ, უფალი წინასწარ გამზადებს იმისთვის, რომ ადვილად დატოვო ეს ქვეყანა, რადგან იქით სამყაროში ბევრი უახლოესი ადამიანი გელოდება...


„ღიმილის ბიჭებმა" საშუალება არ მომცა, წყნარად მეცხოვრა. ყველა მცნობს, ყველა ცდილობს, სითბო და პატივისცემა გამოხატოს, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ჩემი მხრიდანაც, ვცდილობ, სითბო და სიყვარული დავუბრუნო.


ხანდახან ოჯახში რომ გავბრაზდები, ვიტყვი ხოლმე - წავალ სახლიდან, 365 კაცი მაინც არის ჩემს საახლობლო წრეში, ვინც ერთი დღით მიმიღებს და ვისაც ჩემი ნახვა გაუხარდება, მეორე წრეზე რომ ჩამოვუვლი ერთი წლის მონატრებული ვეყოლები-მეთქი და ასე გავიტან დარჩენილ ცხოვრებას. ჩემზე არ იდარდოთ...

 

- ცნობილია, რომ თქვენი უახლოესი მეგობარია ნუგზარ ბაგრატიონი...

- გინდათ, მაინცდამაინც სახელი და გვარი გამომტყუოთ?! ბავშვობიდან ვმეგობრობ მის უმაღლესობა ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონთან. იგი „ღიმილის ბიჭების" გადაღების დროს გავიცანი და მას შემდეგ მე, ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი ერთად მოვდივართ. ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ჭირი და ლხინი ერთად გავიზიაროთ. რამდენად კარგად გამომდის, ამაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაც მთავარია, ბატონიშვილი კმაყოფილია. თუკი რაიმე საინტერესო პროექტს ვაკეთებ, ყოველთვის ნუგზარს ვაჩვენებ. მისი აზრი და რჩევა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუგზარ ბატონიშვილისგან უამრავი რამ მაქვს ნასწავლი, ისევე როგორც ბევრი სხვა მეგობრისგან. ჩვენ არამარტო ოჯახი და სკოლა გვზრდის, არამედ ერთმანეთსაც ვზრდით. ბატონიშვილმა დამაკავშირა თავის პედაგოგთან, ბატონ მიშა თუმანიშვილთან. როცა ბატონი მიშა რუსთაველის თეატრიდან წავიდა და კინომსახიობთა თეატრი შექმნა, მთავარ მხატვრად მიმიწვია, სადაც მაესტროს გარდაცვალებამდე ვმუშაობდი. და ეს იყო უბედნიერესი წლები.


ჩვენი თაობა „ვეფხისტყაოსანზე" გავიზარდეთ. ჩემი იდეალი ავთანდილი იყო. მეგობრობაში „ავთანდილობა" ადვილი არ არის, მაგრამ ცდით მაინც უნდა ეცადო, მეგობარს ავთანდლობა გაუწიო. უთქმელად უნდა გესმოდეს მისი და დახმარება თუ შეგიძლია, თხოვნის გარეშე უნდა აღუსრულო. დიახ, მეგობრის ცხოვრებითაც უნდა იცხოვრო.

 

- პოლიტიკოსი მეგობრები თუ გყავთ?

- არაერთი პოლიტიკოსი მეგობარი მყავს, მაგრამ მთ პოლიტიკაზე ნაკლებად ვესაუბრები. კარგად იციან ჩემი დამოკიდებულება სამყაროში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ ამ თემაზე საუბარს თავს შეგნებულად ვარიდებ. არ მინდა, პოლიტიკამ მეგობრული ურთიერთობები გააფუჭოს, თუმცა, ხანდახან მეც გამოვდივარ წყობიდან და ზოგადად ვიძახი - იყურგებით, მაგრამ ვერ ხედავთ, ფიქრობთ, მაგრამ ვერაფერს ხვდებით. და ამას მეგობრები მპატიობენ. ამიტომაც არიან მეგობრები.


ჩემი ერთ-ერთი კლასელი ადრე გათხოვდა და სიძესთან ძალიან დავმეგობრდით. მას, როგორც თანამდებობის პირს, წყნეთში სახელმწიფო აგარაკს უნაწილებდნენ. როცა დაინახა, რომ სამი შვილი მყავდა, ეს აგარაკი მე დამითმო, თავად კი სიდედრთან ცხოვრობდა. ბავშვები, პრაქტიკულად, სამი წლის მანძილზე მის სახელზე რიცხულ აგარაკზე გავზარდე. აი, ეს არის ნამდვილი მეგობრობა. როგორ შეიძლება, ეს დავივიწყო?!


ინფარქტის გადატანის შემდეგ, გარკვეული პერიოდი უმუშევარიც ვიყავი. ჩემს მეგობარს პატარა ბიზნესი ჰქონდა - დღეში 70 ლარს შოულობდა და აქედან ნახევარს მე მაძლევდა, რომ ოჯახი მშიერი არ დამრჩენოდა. ასეთი მეგობრები მყავს, რითაც ბედნიერი ვარ.


ახლო მეგობარია ჩემი მძღოლი - ნოდარი. მომავალ წელს 30 წელი გვისრულდება, რაც ერთად ვართ. თუკი რამ გამიკეთებია, ყველაფრის საქმის კურსში მყოფი და მონაწილეა. იგი არამარტო ჩემი, არამედ ჩემი მეგობრების მეგობარიცაა. აი, რას ნიშნავს ურთიერთობა და მეგობრობა.


მეგობრები მყავს საზღვარგარეთაც. რამდენიმე წლის წინათ ჩემს ორ შვილთან ერთად ინგლისში წავედი. თურმე, მეგობრები ჩემთან შესახვედრად კარგა ხანი ემზადებოდნენ. დაახლოებით 40 კაცამდე თავიანთი ახლობლები შეკრიბეს და სუფრის თამადობა მე მთხოვეს. მეც ბევრი ვისაუბრე მეგობრობაზე, სიყვარულზე, მზის ამოსვლაზე. ყველანი კმაყოფილები იყვნენ და მადლობას მიხდიდნენ იმისათვის, რომ ჩემი გულისთვის ერთად შეიკრიბნენ და ერთმანეთს მოეფერნენ. მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა - პოლმა მანქანაში ჩამსვა და შვილებთან ერთად ქალაქგარეთ წამიყვანა. რაღაც სიურპრიზს მიმზადებდა. მივადექით მე-11 საუკუნის ციხე-კოშკს. მივხვდი, როგორც არქიტექტორს, უნდა დამათვალიერებინოს არქიტექტურული ძეგლი. ჭიშკარი გაიღო და შეგვეგება ცოლ-ქმარი, ხელი ჩამოვართვით და ვიგრძენი ფერმერთა დაკოჟრილი ხელები. ამ დროს გაისმა პოლის ხმა, გთხოვთ, გაიცნოთ ბრიტანეთის დედოფლის ბიძაშვილები. ეს მათი სამფლობელოაო.


მეგონა, სიურპრიზი ამოიწურა. უცებ თავლა გააღეს, საკუთარ ვერტმფრენში ჩამსვეს შვილებთან ერთად და მთელი ინგლისი ციდან დაგვათვალიერებინეს, სადაც მოვინდომებდით, იქ დაგვსვამდნენ. ბოლოს, როდესაც იორკშირში მიწაზე დავეშვით, რესტორანში სუფრა დაგვხვდა გაშლილი, სადაც წინა დღის სტუმრები ჰყავდათ მოწვეული. არ დაგიმალავთ, ძალიან ამაყი და უბედნიერესი ვიყავი, მით უფრო, რომ ამ ყველაფერს ჩემი შვილები ხედავდნენ. შემდგომ ჩემს შვილებს ტელეფონზე ვეკითხებოდი - აგრძელებენ თუ არა მასპინძლები შეკრებებს-მეთქი. შვილებმა მიპასუხეს ორი-სამი თვის შემდეგ ისევ ძველ კალაპოტში ჩადგნენო.

 

- თქვენთვის მეგობარს თუ უწყენინებია?

- როგორც ქალისა და მამაკაცის სიყვარულში არის ტრაგედიები, ასევეა მამაკაცების მეგობრობაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, მეგობრებს გავუფრთხილდე, სამწუხაროდ, მეც დამიკარგავს მეგობარი. სხვათაშორის, ამაში ჩემს თავსაც ვადანაშაულებ. როდესაც მეგობარი შეცდება, მას აუცილებლად უნდა მიუთითო. ზოგჯერ გაჩუმება ურთიერთობას აზიანებს. ერთ შეცდომას  მეორე ემატება, მეორეს - მესამე. როდესაც მიხვდა, რომ ჩემთვის ყოველივე თავიდდანვე ცნობილი იყო, სამწუხაროდ, უარესი ჩაიდინა... თუ მეგობრის დაკარგვა არ გინდა, პირველივე დანაშაულზე უნდა უთხრა სათქმელი. ჩხუბიც რომ დაგჭირდეს, უნდა ეჩხუბო, რომ თავის შეცდომას მიხვდეს და მეორედ იგივე აღარ გაიმეოროს. განა ჩვენს შვილებს იმიტომ არ ვეჩხუბებით, რომ არ დავკარგოთ?


შეიძლება, გარკვეული მიზეზების გამო ესა თუ ის ადამიანი დავკარგე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე ისინი მაინც მიყვარან და მიმაჩნია, რომ ისინი ჩემი სხეულის ნაწილნი არიან. რაც არ უნდა შეცდეს ბავშვობის მეგობარი, გულიდან ვერ ამოიგლეჯ. ვთვლი, რომ მიტევება ძალიან დიდი ნიჭია!


როგორც დაგპირდით, თქვენს წინ დევს მთელი ყუთი ჩემი ცხოვრების ამსახველი ფოტოებით, რომელზედაც ჩემი მეგობრები არიან ასახული. მე მათი გადარჩევა ვერ შევძელი. ამიტომ გთხოვთ, ლოტოტრონივით თქვენ თვითონ ამოიღოთ და ამოირჩიოთ.



ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016