ჯგუფი A
მანჩესტერ იუნაიტედი-შახტარი
მანჩესტერული კლუბი ჯგუფიდან უკვე გასულია, უკრაინელებმა კი „ბაიერზე" უარესად არ უნდა იასპარეზონ. ერთის მხრივ „მანჩესტერ-იუნაიტედი" დიდად მოტივირებული არ არის, მაგრამ ნუ დავივიწყებთ შინაურ ჩემპიონატში ზედიზედ ორ წაგებას; მესამე მარცხი სულაც არ შედის დევიდ მოიესის გეგმებში, რადგან ის შეიძლება მისთვის ბოლო აღმოჩნდეს და შობას უმუშევარი შეხვდეს.
რეალ სოსიედადი-ბაიერი
„სოსიედადის" მოტივაცია გუნდის პრესტიჟი და სარეიტინგო ქულებია და იქნებ საკმარისიც გამოდგეს, რომ გერმანელებს გუნება წაუხდინოს. ორი დღის წინ „დორტმუნდის" საკუთარ კედლებში დამარცხებამ „ფარმაცევტებს"ხასიათი კი გამოუკეთათ, მაგრამ ბასკეთში მოგებისთვის ეს საკმარისი არაა. თან მანკუნიანელების იმედად წელს ჩემი და თქვენი მტერი დადგა.
ჯგუფი B
გალათასარაი-იუვენტუსი
თუ მოიგებს „გალათასარაი", ჯგუფიდანაც გავა, სხვა შემთხვევაში იტალიელებს ვიხილავთ პლეი-ოფში. რობერტო მანჩინის გუნდს შინაურ კედლებში ბევრი შეუძლია, საკითხავია ეს „ბევრი" საკმარისი იქნება იტალიის ჩემპიონის დასამარცხებლად? თურქებს ძალიან გაუფუჭა საქმე „კოპენჰაგენთან" დაკარგულმა ქულებმა, თუმცა ახლა ამაზე დარდი გვიანია.
კოპენჰაგენი-რეალი
დანიელების მწვრთნელმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე იხუმრა (იმედია ასეა): შევეცდებით უცბად გავიტანოთ 4 გოლი და მერე დაცვაში ჩავდგებითო. რაღაც შანსები „კოპენჰაგენს" აქვს, მაგრამ იმდენად არარეალური, რომ ამისი ყველაზე დიდ ოპტიმისტსაც არ სჯერა.
ჯგუფი C
ბენეფიკა-პ. ს. ჟ.
„ბენეფიკამ" „ოლიმპიკოსზე" უკეთ უნდა ითამაშოს, თუმცა ეს სათქმელად არის ადვილი. პარიზელები დიდად თავს ალბათ არ მოიკლავენ, თუმცა არის ამ გუნდში ერთი კაცი, რომელიც გაბრაზებული უნდა იყოს „ოქროს ბურთის" ნომინანტთა სამეულში რომ ვერ მოხვდა. ჰოდა, ამ გაბრაზებულ კაცს ისეთი რამეები შეუძლია მტერს და ავს.
ოლიმპიაკოსი - ანდერლეხტი
მოიგებენ ბერძნები და პლეი-ოფის საგზურს ვერვინ შეეცილება, რადგან პირად შეხვედრებში პორტუგალიელებს სჯობნიან. არავინ იცის რას ფიქრობს ბელგიური სამეფო კლუბი და რა მოტივაცია შერჩათ, თუმცა საბერძნეთში თამაში ყველა გუნდს უჭირს.
ჯგუფი D
ბავარია-მანჩესტერ სიტი
ეს შეხვედრა პირველი ადგილის ბედს სავარაუდოდ ვერ შეცვლის, რადგან „სიტი" კი არა, ჩემი აზრით, მსოფლიოს ნაკრები ვერ მოახერხებს გერმანელების სამი ბურთის სხვაობით დამარცხებას. ინგლისელები უფრო საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას ეცდებიან ამ დროისთვის პლანეტის საუკეთესო გუნდან. გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და თამაშიც სანახაობრივი უნდა გამოვიდეს.
ვიქტორია- ცსკა
ჩეხებს სჭირდებათ ნებისმიერი ანგარიშით მოგება, გარდა 3:2 ან 4:3-ისა. ასეთ შემთხვევაში ევროპის ლიგის საგზურს დაიბევებენ, სადაც გუნდს თბილისის „დინამოს" ყოფილი დამრიგებელი დუშან უჰრინი გაუძღვება.