„4 დეკემბერს პატრიარქის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო", - ამის შესახებ გაზეთ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. როგორც ავტორი წერს, თვითმმართველობის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰქონდა.
„წინა დღეს ღარიბაშვილი საკუთარი ინიციატივით შეხვდა „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს და კანონპროექტიდან სწორედ იმ მეშვიდე კარის ამოღება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ ამ სახით კანონპროექტის მიღებას არ შეეგუებოდა, კანონპროექტიდან იმ სახიფათო მუხლის ამოსაღებად მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებდა და ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მათ - „რესპუბლიკელებს" დაეკისრებოდათ. შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ გამოუღია. „რესპუბლიკელები" პრემიერ-მინისტრს მხოლოდ საკითხის განხილვას დაპირდნენ", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატის ავტორის განმარტებით, ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქისთვის ცნობილი გახდა და 4 დეკემბერს გაკეთებული იმ მკვეთრი განცხადების მიზეზი, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო.
„4 დეკემბერს პატრიარქის მიერ გაკეთებული ამ მკვეთრი განცხადების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერა იყო და ამით „რესპუბლიკელებსა" და მათ მხარდამჭერ ულტრალიბერალებს მკვეთარად და გასაგებად მიანიშნა, რომ ამ საკითხში ღარიბაშვილს გვერდით უდგას. მის პოზიციას ბოლომდე იზიარებს და თუ საქმე უფრო გამწვავდა, პატრიარქი არც მაშინ დაიხევს უკან", - ნათქვამია სტატიაში.