თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ბრალდებულები საკრებულოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გადააყენეს. პროკურატურამ მიიჩნია, რომ მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგად, გამოძიებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები და მათ მიერ გამოძიებაზე ზეწოლის განხორციელების საფრთხე აღარ არსებობს. მოსამართლემ ოთხივე ბრალდებულს 10-10 ათასიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. შეგახსენებთ, რუსთავის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა 30 ივნისს შეუფარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით წარედგინათ. საქმე ეხება დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვას.