"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი "ექსპო ჯორჯიას" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზებას ხელისუფლების მიერ წარმოებულ "ორმაგ თამაშად" აფასებს. როგორც კანდელაკმა განაცხადა, პოლიციელების მობილიზების პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ხელისუფლებამ "თავისი სატელიტი და ექსტრემისტული დაჯგუფებები" გამოგზავნა. "ხელისუფლება ხედავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სწორ გზას ადგას, განახლების და ტრანსფორმაციის გზას, საზოგადოებას ახალ იდეებს სთავაზობს, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ მან დღეს აქ საკუთარი ექსტრემისტული დაჯგუფება გამოგზავნა, მაგრამ ჩვენ ადვილი შესაშინებლები არ ვართ. რაც შეეხება სამართალდამცველების მობილიზებას, ესაა ტიპური საბჭოთა ორმაგი თამაში, ერთი მხრივ იმიტაცია, რომ წესრიგის უზრუნველყოფა ხდება, მეორე მხრივ კი ხელისუფლების მიერ საკუთარი სატელიტური ექსტრემისტული დაჯგუფებების მოგზავნა", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.