"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზში მონაწილე, ერთ-ერთი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დავით ბაქრაძესთან "დამარცხებას" აღიარებს. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, პრაიმერში გამარჯვებული კანდიდატი, ფაქტობრივად, უკვე გამოვლენილია და ის დავით ბაქრაძეა. რაც შეეხება ზოგადად პრაიმერიზის პროცესს, ჯაფარიძე მას საინტერესოდ აფასებს და ფიქრობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ კუთხით საქართველოში ევროპული სტანდარტი დაამკვიდრა. "პრაიმერიზის პროცესი საინტერესო იყო. პარტიის განახლებისა და განათლების კუთხით ვცადეთ ევროპული სტანდარტის დამკვიდრება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე, საინტერესო იყო დებატები, დღეს გვექნება შემაჯამებელი პრაიმერიზი და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული, ფაქტობრივად, გამოვლენილია და ეს იქნება დავით ბაქრაძე, მაინც დაგვრჩა გარკვეული რაღაც სათქმელი, რასაც ვერ გავაჩერებთ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.