დღეს, ფონდი „ქართული გალობა", რუსთაველის თეატრში მგალობელ-მომღერალთა „ანჩისხატის გუნდის" 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართავს.
„ქართული კულტურის ტრადიციული ხელოვნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, რომელსაც ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა წარმოადგენს, დღეს თავისი განსაკუთრებული ადგილი და ავტორიტეტი აქვს მოპოვებული ანჩისხატის მგალობელ-მომღერალთა გუნდს. ამ თერთმეტკაციან ჯგუფს წელს 25 წელი შეუსრულდა; ამ ხნის განმავლობაში ანჩისხატის გუნდს ქართული კულტურის, ტრადიციული მუსიკის შესწავლის, აღორძინებისა და გავრცელების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული, რაშიც უპირველესად ძველი, მივიწყებული საეკლესიო საგალობლების შესწავლა-აღორძინება და მისი ქართულ საღვთისმსახურო სივრცეში დაბრუნება იგულისხმება. უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ათეისტური რეჟიმის პირობებში ანსამბლ „გორდელასა" და „რუსთავის" მიერ წამოწყებული ქართული გალობის აღდგენის საქმის მასშტაბურად ხორცშესხმა, სწორედ ანჩისხატის გუნდის სახელს უკავშირდება", - აღნიშნავენ ფონდში.
საიუბილეო საღამო 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებში. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „საზოგადოებრივი მაუწყებელი", რადიო „ფორტუნა", „IPN.ge" და რუსთაველის თეატრი.
შეგახსენებთ, რომ ანჩისხატის გუნდის საიუბილეო კონცერტი, 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსთაველის თეატრში შექმნილი ტექნიკური შეფერხების გამო, კონცერტი დღეს ჩატარდება.