ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, გვიან ღამით გარდაიცვალა.
ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. მისი პირველი ნამუშევარი „რატომ არ დამაცადე" 1960 წელს გამოვიდა. ჭაბუა ამირეჯიბის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია რომანი "დათა თუთაშხია", „გორა მბორგალი", და „გიორგი ბრწყინვალე".
მწერალი სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. გარდა ამისა, 2009 წელს ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცა.
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. როგორც მეუფე სერაფიმემ მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით, ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი ფსკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.
ჭაბუა ამირეჯიბს „სახალხო მწერლის" საპატიო წოდება მიენიჭა, რომლის დაჯილდოება 2014 წლის საშობაოდ უნდა გამართულიყო