21 დეკემბერს თბილისში, „ივენთ ჰოლში" ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონია „ელექტრონავტი 2013" გაიმართება.
წელს კონკურსში 75-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა 170 ნამუშევრით. მეორე ეტაპზე 30 ნამუშევარი გავიდა. ინტერნეტით ხმის მიცემა 9 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი შემდეგი ნომინაციებისგან შედგება: წლის სპონსორი; წლის ვებ-გვერდი/ვებ-პორტალი; წლის საუკეთესო ვიდეონამუშევარი; წლის საუკეთესო ივენთი (კონცერტი, დი ჯეი სეტი ან ფესტივალი); წლის საუკეთესო ვენიუ (კლუბი ან საკონცერტო დარბაზი); წლის საუკეთესო ქართველი დი-ჯეი; წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები; წლის საუკეთესო ალბომი; წლის საუკეთესო მუსიკოსი (ელექტრონავტი).
ნომინაციაში გამარჯვებულს, მუსიკის მოყვარულთა გარდა, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
ცერემონიალში საკონცერტო გამოსვლებით ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას: გოგი ძოძუაშვილი, Rotkraft, Green Been & Leon, ნიკა და მაქს მაჩაიძეები, მაია დარსმელიძე, Sophie Villy და სხვა. ელექტრონავტებზე მოხვედრა წელს მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
ელექტრონავტების პირველი დაჯილდოების ცერემონიალი 2008 ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი დღემდე იგივეა - პოპკულტურის, თანამედროვე, ინოვაციური ფორმების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და მოტივაცია.
ღონისძიების ორგანიზატორია ინოვაციური პოპკულტურის მხარდამჭერი ფონდი „ელექტრონავტი".