საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირთან ერთად, 15 დეკემბერს 12:00-21:00 საათამდე დიდ საკონცერტო დარბაზში აწყობს საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივების წლიურ შემაჯამებელ ღონისძიებას დევიზით „ბრავო ომარ!"
გამოჩენილი ქართველი მსახიობ-მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ქართული კულტურის რაინდის, საუკუნის მოცეკვავე-ლეგენდარული ომარ მხეიძის ცხოვრება და შემოქმედება კვლავ საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან, ჩამოსული საბავშვო და ახალგაზრდული ქორეოგრაფიული კოლექტივები, მათ შორის, ომარ მხეიძის სახელობის სტუდიებთან არსებული უკვე გარკვეული დამსახურების მქონე ანსამბლები.
საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი საქართველოში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი, პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვებს გამოჩენილ ქორეოგრაფებს: საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის ორდენით; საქართველოს ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენით; საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით.
ქორეოგრაფებს ასევე დააჯილდოებს ქალაქ თბილისის მერია „კულტურის ამაგდარის" წოდებით. გამოვლინდება „წლის საუკეთესო ქორეოგრაფი", „წლის საუკეთესო რეპეტიტორ-ქორეოგრაფი", „წლის საუკეთესო პედაგოგ-ქორეოგრაფი", წლის საუკეთესო მოცეკვავეს გადაეცემა ჯემალ ნავროზაშვილის სახელობის პრემია.
წარმატებულ საბავშვო ანსამბლებს მიენიჭებათ „სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება" და მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით.