„მომავალი წლის ბიუჯეტი ყველაზე გამჭვირვალეა, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მომზადებულა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული განმარტებების გაკეთება, მაინც აუცილებელია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გარკვეული დეზინფორმაციები მიდის", - ამის შესახებ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ონოფრიშვილის აზრით, ბიუჯეტში გაწერილია ყველა ხარჯი, მათ შორის ვალები და სხვა ხარჯების მუხლებიც.
„პარლამენტმა იცის, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება თითოეული ლარი და აბსოლუტურად ყველა ხარჯი, შესაბამისად ვიცით, თუ რა მოვთხოვოთ მთავრობას ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო აგრძელებს ძირითადი აქცენტების შენარჩუნებას და მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას", - განაცხადა ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, ძირითადი პარამეტრი, რომლითაც მთავრობის ვალის სიმძიმე იზომება, არის მთლიანი შიდა პროდუქტი, ამ მხრივ კი, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანი ვალი - მშპ-ს 35.4% წარმოადგენს, მაშინ, როცა წინა წლებში მისი ოდენობა 41-42% მერყეობდა. შესაბამისად, არსებულ მონაცემებში პანიკის საფუძველი არ არსებობს!