14 დეკემბერს, პირველად საქართველოში, მწერალთა კავშირის შენობაში არტ-აქცია „მშვიდობის წრე" გაიმართება. აქციაზე 12 მხატვარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წრეზე განლაგებულ მოლბერტებზე, მშვიდობის თემაზე შექმნიან ნამუშევრებს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ნახონ ახალადშექმნილი სველი ნამუშევრები. ამიერიდან აქციას ყოველწლიური სახე მიეცემა.
პროექტის მონაწილე ქვეყნები და მხატვრები არიან: საქართველო - ირაკლი ჩიქოვანი, რუსეთი - სერგეი ციგალი, სომხეთი - ვაჰაგ ჰალბაშიანი, აზერბაიჯანი - ვუსალ რაჰიმოვი, თურქეთი - ეკინ კოჩ, ისრაელი - ჯონათან გოლდი, იაპონია - კუმიკო მუროი, საბერძნეთი - ფოტინი კარიოტაკი, ირანი - ბეჰრან სამაზადეგანი, ბელარუსია - ალეს კურდაშოუ, ირლანიდა - კლარა ჰალპინი, შვეიცარია - დანიელა ჯოანა დე მადალენა.
გამოფენის პარალელურად ჩატარდება მონაწილე ქვეყნების ნაციონალური კოსტიუმების თემაზე შექმნლი ტანსაცმლის ჩვენება, რომლებსაც ქართველი დიზაინერები სპეციალურად პროექტისთვის შექმნიან. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ დიზაინერები: ლილიკო სარკიაშვილი, ელენე გელაშვილი, ხატია სირაძე, ნატა ბერიძე, თინათინ მაღალაშვილი, ნინო ხეიძე, მარიამ გვასალია, ქეთი მოსიძე, თამთა შუბითიძე, თამთა შინდელიშვილი.
როგორც „რეპორტიორთან" საუბარში „მშვიდობის წრის" იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა გია ჯაჯანიძემ განაცხადა, აქციის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრები ფონდ „პროსპერს" დარჩება. მისივე თქმით, მსგავსი აქცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფილოშიც პირველად ტარდება. გია ჯაჯანიძის განმარტებით, ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ.