reportiori.ge - ხუთი საფრთხე რუსეთიდან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:08
პრეს-დაიჯესტი
ხუთი საფრთხე რუსეთიდან...
ავტორი:
09 დეკემბერი, 2013. 18:54

შესაძლებელია თუ არა, უკრაინაში მიმდინარე არეულობა რუსეთმა საქართველოშიც გადმოიტანოს, მით უმეტეს, როცა ცოტა ხანში ევროკავშირში ასოცირებაზე ხელის მოწერა გველის? რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ ამ მხრივ? რა შეიძლება მოიმოქმედონ რუსეთის სპეცსამსახურებმა?


 

ბესარიონ ალადაშვილი, „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის" ხელმძღვანელი:

- რუსეთის სპეცსამსახურებს აუცილებლად ექნებათ დიდი მცდელობა, დაწყებული ვილნიუსიდან - დამთავრებული ასოცირებამდე, რომ საქართველოში სიტუაცია იყოს არაპროგნოზირებადი. სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკის მაქსიმალური არასტაბილურობის გამოწვევა და ამ საქმეში ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, იგივე დივერსიასა და საბოტაჟს. მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში და განსაკუთრებით ზამთარში. ეს გამოიწვევს სოციალური პრობლემების გამწვავებას მოსახლეობაში. იქნება პოლიტიკური დაძაბულობა და ამის ნიშნები უკვე ჩანს. ადგილობრივი კოალიცია არჩევნებამდე შეიძლება, ერთიანი ვერ მივიდეს და რუსეთი ყველანაირად ეცდება, ეკონომიკური პრობლემები და გარკვეული პოლიტიკური უთანხმოება გამოიყენოს და ხალხი ქუჩაში გაიყვანოს. ასევე აუცილებლად მოველი პრობლემების შექმნას ევროკავშირიდან და ნატოდან. ანუ, ევროპიდანაც რუსეთს თავისი სპეცსამსახურების დახმარებით უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლია. აქ ერთი მომენტია, რუსეთი ჩვენთან მიმართებაში არ ეცდება, გამოჩნდეს, რომ აშკარა ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე. მას არ აქვს დიპლომატიური კავშირი ჩვენთან და გამოდის, სხვა გზით უნდა იმოქმედოს. რუსეთს ამ ეტაპზე ურჩევნია, სხვა გზით შემოგვიაროს და მთავარი კოზირი მას აქვს სპეცსამსახურები. ეს შეიძლება იყოს იგივე სოციალური დაპირისპირების ინსცენირება სხვადასხვა თემებზე, ეს იქნება მართლიანობის აღდგენა თუ იგივე ეკონომიკური თემები.



რუსეთის სპეცსამსახურები და თავად რუსეთი ხომ ერთიანი მონსტრია და არავისთვის დასამალი არ არის, რომ უმაღლეს თანამდებობაზე დღეს მათ ყოფილი „კაგებეშნიკები" ჰყავთ, ზოგი დაზვერვიდან და ზოგიც კონტრდაზვერვიდან. მათ გააჩნიათ მეთოდები და ეს არის ფარული ზემოქმედება სხვადასხვა არხებით.



სულ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ამ ცოტა ხნის წინ ლიტვაში სერიოზული სკანდალი დაიწყო. ლიტვის უსაფრთხოების სამსახურმა ხელში ჩაიგდო ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშავდება გეგმა ლიტვის პრეზიდენტის კომპრომეტირებისთვის, ვითომ რუსეთის არქივებში აღმოჩენილ იქნა ამ ქალზე საიდუმლო ცნობები და სხვა. ეს ინფორმაცია ლიტვის სპეცსამსახურმა გაშიფრა და გაასაჯაროვა. სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები მუდმივი რეფორმირების ქვეშ არიან და არ აქვთ ადეკვატური მზადყოფნა, გაანეიტრალონ ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან მოდის, არ ეკონომიკური, არც საზოგადოებრივი და არც პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით. სპეცსამსახურების საქმიანობაზე არ უნდა ვიგებდე, რა ოპერაციას ატარებენ, მაგრამ, ხომ უნდა დავინახოთ მათი ქმედება?



სპეცსამსახური მაშინ მუშაობს კარგად, როცა ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა. „ნაციონალების" დროს ეს სამსახურები დაკავებულები იყვნენ დადგმებით: „ენვერის" საქმე, ფოტოგრაფების საქმე და მე ვეჭვობ, რომ ისინი მზად იყვნენ, პროფესიონალურად, ამ ეტაპზე რუსეთიდან სავარაუდოდ წამოსული საფრთხეების ანალიზის, შემდეგ საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, სამწუხაროდ...



 

- აბა, რა გვეშველება?

- გეტყვით ერთს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, სერიოზული პრობლემის წინაშე ვართ მთელი ქვეყანა. ვიმეორებ, საფრთხეები აუცილებლად იქნება და ეს იქნება ფარული ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით.


 

 

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:

- მოდით ასე შევთანხმდეთ, ამას გეოპოლიტიკური გამოწვევები დავარქვათ და ამ გამოწვევების სავარაუდო და შესაძლო ხუთი ვარიანტი ჩამოვთვალოთ:



პირველი - ეს არის აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მიწვევა ევრაზიულ საბაჟო კავშირში. სხვათა შორის, ეს იდეა ვლადისლავ სურკოვმა წამოაყენა თავის დროზე, რომელიც არის კრემლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და პუტინის მარჯვენა ხელი. ეს ის ვლადისლავ სურკოვია, ერთი პერიოდი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან რომ იქნა გადაყენებული, რადგან პუტინთან მოუვიდა უთანხმოება, მაგრამ შემდეგ მაინც დააბრუნეს კრემლში, რადგანაც პუტინს მისი დახმარება მუდმივად სჭირდება.



მეორე სავარაუდო საკითხი, რაც შეიძლება, შემოგდებული იყოს, ესაა ე. წ. მეგრული სეპარატიზმის იდეა. სხვათა შორის, აფხაზეთის სეპარატისტული სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე „აფსნიზე" გუშინ (ჩაწერილია 12 ნოემბერს. - თ. ო.) დაიდო სტატია, „სამეგრელოს გეოპოლიტიკური ფენომენი". სტატია შეეხება სამეგრელოს სეპარატიზმის გაღვივება-გაძლიერებას და მასში არა მარტო ენაზე, არამედ, პოლიტიკური სუბიექტის დამოუკიდებლობაზეც არის საუბარი, ავტონომიის მინიჭებაზე და კიდევ სხვა საკითხებია განხილული. ანუ აფხაზებმა ეს საკითხი კვლავ, უკვე გაძლიერებულად წამოჭრეს. აქვე ნათქვამია, რომ აფხაზეთის სახელმწიფო მოწყობა შეიძლება იმდაგვარად შეიცვალოს, რომ ჩამოყალიბდეს სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომია გალში და მასში შევიდეს ასევე სვანეთის კულტურული ავტონომია. აქ აშკარად კრემლის ხელია, აფხაზებმა რომ ეს საკითხი გააძლიერეს კიდევ ერთხელ, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი დაძაბული სიტუაციაა ევროკავშირთან მიმართებაში და რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება არის რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების საზიანოდ მიმართული. ამიტომ დაიწყება საქართველოს გახლეჩის მაქსიმალური მცდელობა, რომ გახლეჩილი ტერიტორიები მერე იოლად შეიყვანონ საბაჭო კავშირში.



მესამე - რუსეთის ფედერაცია აძლიერებს სამხედრო მზაობას. საუბარია სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დაჯგუფების გაძლიერებაზე. კონკრეტულად, სულ ახლახან სომხეთში განთავსებულმა გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზამ მიიღო თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა. ასევე, ერევანში ახალი შვეულმფრენების ესკადრილია შეიქმნა. ეს სერიოზული ძალის დემონსტრირებაა, მით უმეტეს, რომ 2 დეკემბერს პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან არსად არ წავა და პირიქით, გააძლიერებს თავის გავლენას.



მეოთხე - რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაძლიერდება პროპაგანდისტული ომის ტენდენცია, ანუ, რუსეთი გადავა საინფორმაციო ომის ყველანაირ ფორმატზე. ეს ზეწოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფორმაა, სხვათა შორის. თავად საინფორმაციო ომი არის ახალი თაობის სტრატეგიული იარაღი, რასაც საკმაოდ წარმატებულად იყენებენ მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად. საინფორმაციო ომის ელემენტი არის თუნდაც არალეგალების გამოძევება რუსეთიდან და მათზე მკაცრი კონტროლის დაწესება, რათა ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და შექმნან უარყოფითი ფონი, რადგან აქ მცხოვრებ უმუშევრებს კიდევ უმუშევრების დიდი არმია შეემატება, მათი ოჯახები კი მშივრები დარჩებიან, რადგან ეს ადამიანები რუსეთიდან ინახავდნენ ოჯახებს.





და ბოლოს, სრულიად არ გამოვრიცხავ კიბერომის ელემენტების გაჩენას. ეს იქნება, სავარაუდოდ, ხაკერების თავდასხმა იგივე ქართულ საიტებზე, რაც, როგორც წესი, იმართება სპეცსამსახურების ხელით. აი, რამდენად მზად არის ქართული სახელმწიფო სპეცსამსახურები ამ საფრთხეების მოსაგერიელებლად, ამაზე ინფორმაცია ნამდვილად არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ხელი არ მიმიწვდება და ეს, ერთი მხრივ სწორიცაა, რადგანაც ეს არ არის მასობრივი ინფორმაციისთვის გამიზნული. თუმცა არსებობს მესიჯები, რაც შეიძლება გააჟღერო, რომ შენი გეგმა უკვე არსებობს და მეორე მხარემ შეიკავოს თავი, თუმცა ასეთ მესიჯებსაც  არავინ ავრცელებს.

 

 

- ბესო ალადაშვილმა განაცხადა, ჩვენი სპეცსამსახურები დახელოვნებულები იყვნენ, ძირითადად, პრეზიდენტის შეკვეთებზე, სცენებს დგამდნენ და სხვა მხრივ, ისინი მოიკოჭლებდნენო.

- ყველანაირად ვეთანხმები და ვაწერ ხელს ამ განცხადებას. დღევანდელი სახელმწიფო უშიშროების და საერთოდ, სპეცსამსახურების, იგივე კონტრდაზვერვის სამსახური არანაირად არ არის მზად მსგავსი შეტევისთვის, იმიტომ, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ისევ ის ხალხი ზის, ვინც ჯაშუშურ საქმეებს „კერავდა" და ეს არის ტრაგედია. დროა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი გაუქმდეს და ახალი სტრუქტურა შეიქმნას. თორემ ამთ ხელში რა გვეშველება, კაცმა არ იცის.

 

 

- ალტერნატივა არსებობს?

- ეს უკვე მმართველი ძალის პრეროგატივაა. ჩვენ ისეთ რთულ სიტუაციაში ვართ და ისე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ამას მიხედვა უნდა, თან სერიოზულად. ექსპერტები სვამენ დიაგნოზს და უკვე სხვა სპეციალისტები უნდა ჩაერთონ „მკურნალობაში". ჩვენ, უბრალოდ, სამკურნალო ბერკეტები არ გვაქვს ხელთ.


 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016