მწერალთა კავშირში მთარგმნელის, პოეტისა და ფოტოხელოვანის დავით აკრიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამო პოეტ მიხეილ ღანიშაშვილის „ლიტერატურული სემინარების" ფარგლებში მოეწყო.
მთარგმნელთან შეხვედრა, ტრადიციული ლიტერატურული საღამოებისგან განსხვავებით, უჩვეულოდ წარიმართა. დავით აკრიანმა სანთლის შუქზე თავად წაიკითხა საკუთარი თარგმანები და დამსწრე საზოგადოებას ავტორებზეც ესაუბრა.
"თერმუდ ჰაუგენი ნორვეგიის უთვალსაჩინოესი მწერალია საბავშვო და მოზარდთა ლიტერატურის საუფლოში. ჰაუგენის შემოქმედება რეალისტური ტრადიციით დაიწყო. დახვეწილი გემოვნება იმთავითვე შეერწყა ინდივიდუალურ სტილს", - ამბობს მთარგმნელი და მისეული ინტერპრეტაციით საუბრობს პერსონაჟებზე, რომლებიც იქვე, ლიტერატურულ საღამოზე, გააცოცხლა.
დავით აკრიანი გამოირჩევა განსხვავებული შემოქმედებითი უნარით, გამოქვეყნებული აქვს ორი საკუთარი და ორმოცზე მეტი თარგმნილი წიგნი.