ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თენგიზ ზოიძე დააკავეს, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ემზარ ჯინჭარაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თენგიზ ზოიძემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ტენდერის ჩატარების ნაცვლად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შპს "არბეტ"-თან და შპს "საბა BG"-თან სხვადასხვა სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, საერთო ღირებულებით 100 711 ლარი. "აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში გამგეობას საწარმოები უნდა დაეჯარიმებინა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ით, მიუხედავად ამისა, თენგიზ ზოიძის მიერ სახელმწიფო ინტერესის უგულვებელყოფით სამუშაოს ჩაბარების ვადა უსაფუძვლოდ გაგრძელდა სამჯერ და სამუშაოს შემსრულებლის მიმართ საჯარიმო სანქციები არ გამოყენებულა. ასევე საწარმოს ხელმძღვანელებმა თენგიზ ზოიძესთან და ემზარ ჯინჭარაძესთან წინასწარი შეთანხმებით შესრულებული სამუშაოს აქტებში და ანგარიშ-ფაქტურებში ყალბი მონაცემები შეიტანეს, თითქოსდა საწარმოებმა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად შეასრულეს, რეალურად კი სამუშაოების დიდი ნაწილი საერთოდ არ შესრულებულა, რითიც სახელმწიფოს კუთვნილი 76 754 ლარი გაიფლანგა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.