28 წლის დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს, ფრანგული მოდის სახლს Thierry Mugler- ს სულ რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა სათავეში. დიზაინერი მუშაობას 2 იანვრიან შეუდგება.
მისი პირველი ჩვენება Mugler-ში მომავალი წლის ივნისში, დებიუტი კი 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებისას პარიზში, მაღალი მოდის კვირეულზე შედგება. დევიდ კომას მოდის ვუნდერკინდს უწოდებენ.
დავით კომახიძე თბილისში დაიბადა. ტანსაცმლის პირველი ილუსტრაციების ხატვა 8 წლის ასაკში დაიწყო. ხელოვნებას კომა პეტერბურგში სწავლობდა და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა. სწავლა ლონდონში, ცნობილ კოლეჯში გააგრძელა.
მისი კოლექციები გამოირჩევა სახასიათო არქიტექტურული ფორმებით და ეფექტური სამკაულებით, რამაც სწრაფად გახადა პოპულარული. მისი სახელი მოდურ სამყაროში „Central Saint Martins fashion college"-ის საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა.
მოგვიანებით მისი კოლექცია გაგზავნილი იქნა „Harrods"-ში, სადაც მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი.
კომას ჰყავს რუსი მეუღლე - საშაც, რომელიც ასევე დიზაინერი გახლავთ. საშა დევიდ კომას ბრენდს კურირებს.
დევიდ კომას სამოსს ატარებენ მეგან ფოქსი, რიანა, ჯენიფერ ლოპესი, ნაომი კემპბელი, ბიონსე, ევა ლონგორია, ხლოე კარდაშიანი, ნატალია ვოდიანოვა, ქეთი მელუა, ლედი გაგა, კაილი მინოუგი, მაილი საირუსი, მარია შარაპოვა, ტეილორ სვიფტი, სელენა გომესი და ჯენიფერ ლოურენსი.
დევიდ კომას კოლექციები დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 მაღაზიაში იყიდება.