დღეს გაიმართება თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნების საშობაო- საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი, სახელწოდებით "გახსოვდეს ათასი წვრილმანი".
გამოფენა-აუქციონი თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს სამარიტელთა კავშირის (სსკ) ორგანიზებით ხორციელდება.
გამოფენა-აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოხატული და გაფორმებული 18 დასახელების გამოყენებითი ხელოვნების 300-მდე ნივთი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი ნამუშევრები აუქციონის წესით გაიყიდება. შემოსული თანხა მოხმარდება სსკ-ს პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დახმარებას.
გამოფენა-აუქციონში მონაწილეობენ : რუსუდან ფეტვიაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, გუგა კოტეტიშვილი, ყარამან ქუთათელაძე, ზურაბ ნიჟარაძე, გია ჯაფარიძე, დიმიტრი ერისთავი, თემო მაჭავარიანი, ლევან ხარანაული, ოთარ ვეფხვაძე, იური ბერიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, დათი კაკაბაძე, ლორეტა შენგელია, თამაზ ხუციშვილი, თამუნა მელიქიშვილი, მაია სუმბაძე, კონსტანტინე მინდაძე, ნინო ჩუბინიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, გიორგი გაგოშიძე, გიო სუმბაძე, გელა კუპრაშვილი, კოტე სულაბერიძე, ზაზა ლოდია, ეთერ ჭკადუა და ა.შ.
გამოფენა-აუქციონს დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს. მომავალი წლიდან იგეგმება ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ექსპონატების საზღვარგარეთ გატანა.
აუქციონის პარალელურად მოეწყობა ფოტო-გამოფენა, რომელსაც წარმოადგენს National Geographic საქართველო და გურამ წიბახაშვილი.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი "ლალე" .