„სუხიშვილები" 22, 23 და 24 დეკემბერს რუსთაველის თეატრში მაყურებლის წინაშე ინოვაციურ პროექტ „რამიშვილებს" წარმოადგენენ. საათნახევრიანი პროგრამა, რომელსაც ნაციონალური ბალეტის დასი მაყურებელს „რამიშვილების" ბრენდით წარუდგენს, ექსპერიმენტია - ფოლკლორზე დაფუძნებული მოდერნისტული ელემენტებით, რომელიც სრულიად განსხვავდება ანსამბლის აქამდე არსებული პროექტებისგან. მიმდინარეობს ახალი პროექტის აწყობა, აგება. დასრულდა მუშაობა კოსტიუმების ესკიზებზე, მუსიკა დახვეწის სტადიაშია.
თანამედროვე ცეკვების პროგრამის შექმნის იდეა ილიკო სუხიშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ქორეოგრაფი და ნაციონალური ბალეტი ახალ პროექტს ცნობილ მოცეკვავეს და ნოვატორ ქორეოგრაფს ნინო რამიშვილის მიუძღვნიან.
„ამ პროექტს კავშირი ფოლკლორთან არ აქვს. რასაც ადრე ვაკეთებდით, ეს იყო ფოლკლორული პროექტები - ქართული ცეკვა. ახლებურად დადგმული თუ ძველი იყო აღდგენილი და მაინც ეს იყო ხალხურ ცეკვასთან დაკავშირებული. ეს პროექტი დამოუკიდებელია და არ არის ქართული ცეკვის პროექტი, თანამედროვეა. ეს არის ახალი სიტყვა და ამ პროექტში ახალგაზრდა თაობაა დაკავებული", - აცხადებს ნინო სუხიშვილი.
ბილეთების ფასი 20-დან 80 ლარის ფარგლებში მერყეობს.