გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერაზე მოქალაქე ფელიქს მირიმანიანი დააჯარიმეს. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, ჰესიდან 500 მეტრისა და ხიდიდან 50 მეტრის მოშორებით თევზაობა ნებისმიერი საშუალებით აკრძალულია. მისი თქმით, ამ ფაქტზე მეთევზეები არაერთხელ გააფრთხილეს. რაც შეეხება ფელიქს მირიმანიანს, ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, მსგავს ფაქტზე ადმინისტრაციული ჯარიმა მას ერთხელ უკვე ჰქონდა დაკისრებული. „შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, მასალები გადაეგზავნება სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტს, რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს. იმის გამო, რომ ეს მეორე შემთხვევაა, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზრდება", - განაცხადა მუკნიაშვილმა. როგორც მეთევზე აცხადებს, ორთაჭალის ჰესთან ანკესით თევზაობდა. „პენსიონერი ვარ, მიჭირს და იმიტომ ვთევზაობ", - განაცხადა მირიმანიანმა. თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ჯარიმები 17 ივლისიდან გაიზარდა. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით 2 000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.