პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, პატიმრებს გამძლეობისკენ მოუწოდა. დღევანდელი ქადაგებისას ციხეში არსებულ პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებში თვითდაზიანებისა და შიმშილობის ფაქტებმა იმატა, რაც მათ ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. "ძველად ციხეებში გაუსაძლისი პირობები იყო და იქ იმაზე მეტი ხალხი იჯდა, ვიდრე ეტეოდა. უცხოეთი ბევრ ფულს იხდიდა იმაში, რომ ციხეები აგვეშენებინა. მადლობა ღმერთს, ახალი ხელისუფლების მიდგომები შეიცვალა. 15 000-მდე პატიმარი გათავისუფლდა და ასევე, საკამათო გახდა ის თემა, უნდა გამოეშვათ თუ არა ისინი. თუმცა, მე ციხისთვის ყველა მეცოდება." - ბრძანა მეუფე იაკობმა. ეპისკოპოსმა ქადაგებაში მოსახლეობას შემწყნარებლობისკენ მოუწოდა, მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ბევრი გათავისუფლებული პატიმარი ისევ ციხეს უბრუნდება. "ბევრმა ოჯახმა გაიხარა და ვუსურვებ გათავისუფლებულებს წესიერად ეცხოვროთ, თუმცა დღეს კიდევ 9 000-მდე კაცია ციხეში. ზოგიერთი ფიქრობს, რომ დაჩაგრულია. მაგრამ იმედია სასამართლო სხვადასხვა ზეგავლენებისგან გათავისუფლდება. აღარ იქნება ვინმესგან მართული და ამ ადამიანებზეც იფიქრებს, თუმცა უცებ არაფერი შეიცვლება. ყველაფერს დრო სჭირდება. პატიმრებზე ხელისუფლებაც და ეკლესიაც ფიქრობს. ბოლო დროს იმატა თვითდაზიანებების შემთხვევებმა, რაც არ შეიძლება. ჩვენ ქურდობის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. სხვისი გამწარებით ბედნიერი ვერ გახდები, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება გადახედოთ თქვენს მოთხოვნებს. ყველა ცდილობს ისეთი კანონი მიიღოს, რომ თქვენ შვება იგრძნოთ. რაც გეკუთვნით იმას მაინც მიიღებთ, მაგრამ დაელოდეთ, რომ გადაისინჯოს თქვენი საქმეები. თუ არ გეკუთვნით, რაც არ უნდა იშიმშილოთ და თავი დაიზიანოთ ამის გაკეთებას ვერავის აიძულებთ"-ბრძანა ეპისკოპოსმა იაკობმა.