„ჰოლივუდ რეპორტერი" 2014 წლის ოსკარების პროგნოზს აქვეყნებს, სადაც ფილმების კატეგორიაში ქართული ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები" პირველ ცხრამეტ ფილმშია დასახელებული.
სამ დღეში ამერიკის კინოაკადემია 9 ფილმის სიას გამოაქვეყნებს და შესაძლოა, ამ სიაში „გრძელი, ნათელი დღეებიც" მოხვდეს. IMDB-ს გვერდზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფილმის შეფასება 10-ქულიანი სისტემით, პირდაპირ, „ფეისბუქის" საკუთარი პროფილით.
http://www.imdb.com/list/ndMcS-meXhs/?licb=0.9578147254840674
ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები" 2013 წელს არის გადაღებული. მისი რეჟისორები არიან ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი. მთავარ როლებს ასრულებენ ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია.
ფილმის სიუჟეტი, 90-იან წლებში ორი გოგონას მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. გოგონები ძალადობით დამუხტულ გარემოში ცხოვრობენ. კინოკრიტიკოსთა შეფასებით, „გრძელი ნათელი დღეები" უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული ევროპული ტიპის ქართული ფილმია, სწორად შერჩეული თემით, სიუჟეტითა და მსახიობებით.
ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფორუმის პროგრამაში და საავტორო კინოს საერთაშორისო ასოციაციის პრიზით აღინიშნა. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, ჰონკონგის საერთაშორისო ფესტივალი, „ვოისის" ევროპული კინოფესტივალი, პარიზის კინოფესტივალი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი - ეს იმ ფესტივალების ჩამონათვალია, რომლებზეც ფილმმა გამარჯვება მოიპოვა.