იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2013 წლის ბოლოს დუისში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. მინისტრმა პანკისის მოსახლეობის პრობლემებს დუისის საჯარო სკოლაში მოუსმინა და მათ უახლოეს მომავალში მოგვარებას დაჰპირდა. თეა წულუკიანის განმარტებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, წლის ბოლოსთვის დუისში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება, სადაც მოსახლეობა ყველა სახელმწიფო სერვისით სარგებლობას შეძლებს. "დუისის საზოგადოებრივ ცენტრში იქნება ყველა სახელმწიფო სერვისი, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ბანკებიც, ახალგაზრდებს კი ინტერნეტზე თავისუფალი წვდომის საშუალება ექნებათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. პანკისის მოსახლეობა თეა წულუკიანთან შეხვედრით კმაყოფილია. მათი განმარტებით, მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ მათი პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება.