იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საოკუპაციო ზოლთან 62 ნაკვეთი უკვე დაზუსტებულია და მზად არის რეგისტრაციისთვის.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო დღევანდელ სხდომაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას წარმადგენს.
"საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, დაახლოებით 150 კილომეტრზე უკვე დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნაკვეთებზე. 62 ნაკვეთი უკვე გვაქვს დაზუსტებული და რეგისტრაციისთვის დიცის საკრებულოშია. ეს იყო ჩვენი საპილოტო მონაკვეთი და ვაპირებთ, რომ გაფართოებული პროექტის ფარგლებში მომავალ წელს მთლიან საოკუპაციო ზოლზე საკუთრების დამდგენი სამუშაოები და რეგისტრაციები ჩავატაროთ და დავასრულოთ. პრობლემებს ვაწყდებით იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრ იქ მოსახლე ადამიანს, არ აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი. ამიტომ ვეხმარებით ადგილობრივებს თვითმმართველობასთან ერთად დოკუმენტების მოძიებაში და ხელს ვუწყობთ, რომ ეს მიწები იმათ ეკუთვნოდეთ, ვინც ფაქტობრივად ამ მიწებს ფლობს, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომას ესწრება.