მარჯანიშვილის თეატრის წინ დღეს ლეო ანთაძის ვარსკვლავი გაიხსნება. მსახიობს სასცენო მოღვაწეობის 60 წელი უსრულდება.
როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „რეპორტიორთან" საუბარში ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრისა და კულტურის პალატის ორგანიზებით გაიხსნება.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ დაგეგმილია ღონისძიება, სადაც ქართველი მსახიობის თეატრისა და კინო როლებს გაიხსენებენ.
საღამოზე ლეო ანთაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები ლეგენდარული „ურიელ აკოსტადან", სადაც ის 1971 წლიდან, 40 წლის განმავლობაში უცვლელად ასრულებს ბენ აკიბას როლს. ნაწყვეტები იქნება ასევე ბოლო პერიოდის სპექტაკლებიდან „ბახტრიონი", „ზვავი", „ქვიშხური ესკიზები".
საღამოზე მისი მეგობრები გაიხსენებენ ზურიკოს როლს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან"; ლაითაძეს „ეზოში ავი ძაღლიადან"; ჭეიშვილს „თეთრი ბაირაღებიდან"; სანჩო პანსას „ლამანჩელიდან"; მარკიზს „დონ სეზარ დე ბაზანიდან" და კინოფილმებს მისი მონაწილეობით „ყვავილი თოვლზე", „წკიპურტები", „დათა თუთაშხია", „ერთი ნახვით შეყვარება", „თეთრი ბაირაღები".
ლეო ანთაძე დაიბადა 1932 წლის 12 ნოემბერს, თბილისში. 1951 წელს თბილისის ვაჟთა სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. მსახიობს მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრების სცენაზე 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტის წოდება.