შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს და ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უზბეკეთის მოქალაქე ხაეტ რ. და საქართველოს მოქალაქე კახა დ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო ანზორ დ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამავე დანაშაულში მხილებულია უზბეკეთის მოქალაქე ნარგიზბეგიმ რ. , რომელმაც საქართველო 31 მაისს დატოვა. სამართალდამცველებმა 2013 წლის 3 ივლისს, ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმთან, ტყეში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინეს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი უზბეკეთის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული რაიხონ კ. იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულში მხილებულ ნარგიზბეგიმ რ.–ს და გარდაცვლილს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უთანხმოება ჰქონდათ. ნარგიზბეგიმ რ.–მ, შურისძიების მიზნით, ბრალდებულ ხაეტ რ.-ს და კახა დ.-ს რაიხონ კ.–ს მკვლელობა დაუკვეთა, რისთვისაც მათ 2000 აშშ დოლარი გადაუხადა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2013 წლის 22 მაისს, ანზორ დ.-ს კუთვნილი ტაქსით, რაიხონ კ. მოტყუებით წაიყვანეს და, ხულოს რაიონის სოფელ ბეშუმთან, ტყეში მოკლეს. სამართალდამცველებმა, საგამოძიებო–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 12 ივლისს, ბათუმში დააკავეს ბრალდებულები. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით).