ანსამბლ "ერისიონის" გრანდიოზული შოუ-პროგრამა "ქართული საგანძური" დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. 2 საათიანი საკონცერტო პროგრამა მოიცავდა ქართული ცეკვისა და მუსიკის შედევრებს.
"ერისიონმა" სცენაზე პირველად გააცოცხლა აფხაზური ცეკვა სიმღერის თანხლებით, მეგრული ჩელა, ოდოია, ასევე ცხენოსნური.
"ერისიონის" კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერ მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი.
ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" 1885 წელს შეიქმნა. 1986 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი ჯემალ ჭკუასელი. მთავარი ქორეოგრაფი - საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი რევაზ ჭოხონელიძე. 1999 წელს ანსამბლს "ერისიონი" ეწოდა. 2002 წელს ანსამბლ "ერისიონს" ოქროს დისკი გადაეცა პარიზში. "ერისიონი" დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოეთში.