რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს პირობა მისცა, რომ აფხაზეთსა და ცხივნალში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულიად ახალი, დამოუკიდებელი დოკუმენტი შეიქმნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქმა „მეცხრე არხთან" ინტერვიუში განაცხადა. ილია მეორის განმარტებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილები დაბრუნდნენ. რუსეთის პატრიარქი კირილ მეორე მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ილია II-ს თავად ესტუმრა. შეხვედრაზე პატრიარქებმა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის საკითხები განიხილეს. პატრიარქმა კირილმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სრულიად დამოუკიდებელი დოკუმენტი შეიქმნება, რომელშიც აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. „რუსეთის პატრიარქი მობრძანდა და მომცა სიტყვა და როგორც მითხრა, ეს არის პრეზიდენტ პუტინის აზრიც", - ბრძანებს პატრიარქი. უწმინდესი და უნეტარესი იმედოვნებს, რომ ლტოლვილები თავის კერას დაუბრუნდებიან და რუსეთის პრეზიდენტი დაპირებას შეასრულებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II რუსეთში 23 ივლისს გაემგზავრა. ილია II თანმხლებ პირებთან ერთად, მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით ჩავიდა. რუსეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.