ახალმა ხელისუფლებამ იცის, სად, როგორ, რა ვითარებაში მოკლეს ზურაბ ჟვანია... „პროკურატურას მოვუყევი ის ეპიზოდი, რომელიც მაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ ზურაბ ჟვანია გაზით არ გაგუდულა და იგი მოკლეს!" - ეს განცხადება ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესსმდივანმა, პოლიტპატიმარმა თამაზ ბაკურიძემ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც ბაკურიძემ აღნიშნა, ერთ ღამეს ავჭალის კოლონიაში საშინელმა ყვირილმა გამოაღვიძა, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ერთ-ერთი პატიმარი - გია ალანია ვიღაცას უყვიროდა - „პირადად სააკაშვილთან დამაკავშირეთ, მაგასთან მაქვს მე საქმე, ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით რაღაცეები ხომ არ დაავიწყდა მაგას, უნდა შევახსენო!" - განაცხადა ბაკურიძიემ. მისივე თქმით, მან პროკურატურას უთხრა იმ ყოფილი თანამდებობის პირის სახელი და გვარი, რომელმაც ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე და შემსწრე არის სააკაშვილი. „გამოძიებელთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პროკურატურას ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნილი აქვს და ახალმა ხელისუფლებამ იცის, სად, როგორ, რა ვითარებაში მოკლეს ზურაბ ჟვანია... ვფიქრობ, ჟვანიას მკვლელობის გახსნილად გამოცხადების საკითხში ჩვენი ხელისუფლება ხელფეხშეკრულია, რადგან ეს მკვლელობა უკავშირდება სააკაშვილს, ხოლო აშშ-ს და დასავლეთს არ სურთ, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გახმაურდეს! იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ჟვანიას მკვლელობის თემა სააკაშვილთან ვაჭრობის საგანი გახდეს!" - აცხადებს ბაკურიძე.