„ნაციონალურმა მოძრაობამ" ერი ბოლომდე გარყვნა და გაათახსირა და იმის მაგივრად, რომ გაჩუმდეს, ხალხს აღიზიანებს", - ეს განცხადება პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ახალ თაობასთან" საუბრისას განაცხადა.
„ქვეყანაში დაწყებულია სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ხელისუფლება ცდილობს ეს, რაც შეიძლება რბილად გააკეთოს. ამ „ნაციონალებმა" კიდევ ჭკუა ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გაჩუმდნენ, დღედაღამ ტელევიზიებში არიან და ხალხს აღიზიანებენ. ცოტა ჭკუით იყვნენ, თორემ მერე მაგათ ვეღარც ეს მთავრობა უშველის და ვეღარც ნორლანდი", - განაცხადა ამაშუკელმა.
პოეტმა შავი პიარის ნაწილი უწოდა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის ციხიდან თვალახვეული გაიყვანეს.
„გამოვიდა ახლა მერაბიშვილი და დაიწყო შავი პიარის აგორება, თურმე, ადიელა გადააფარეს და ისე გაიყვანეს ციხიდან. ეს საერთოდ როგორ იღებს ხმას? ეგენი არ იყვნენ ხალხს წამებით სულს რომ ხდიდნენ. ამაზე რატომ არავინ იღებდა ხმას? მე არ მახსოვს, ეს საშინელებები მერაბიშვილს რომ გაეპროტესტებინოს", - განაცხადა ამაშუკელმა.