reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: პასუხი ყველას, ვინც დღემდე განმიკითხავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლუკა კურტანიძე: პასუხი ყველას, ვინც დღემდე განმიკითხავს!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2013. 22:23

ბევრი რამ ითქვა ჩემზე... ჭორები, კომპრომატები, ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი სიბინძურე... შეიძლება, შეცდომა დამიშვია, მაგრამ, რაც მთავარია, სიცოცხლით, სიყვარულით ვემსახურე ჩვენს სამშობლოს, ვუერთგულე და არ მიღალატია ერისთვის, ღირსებისთვის და ადამიანობისთვის. დიახ, ბევრმა ახლობელმა თუ შორეულმა მიღალატა, მაგრამ ჩემი გზით ვიარე და ამ გზაზე არავინ დამიჩაგრავს. ვინც ჩემს სახელს ახსენებთ, იცოდეთ, გჯეროდეთ, რომ, რაც მიკეთებია, დიდი სიყვარულით მიკეთებია და თუ უნებლიეთ შევმცდარვარ, ღვთის წინაშე ცრემლით შენდობა მითხოვია.


ყველაფრის მიუხედავად, თავად მტერსაც შენდობას ვთხოვ, რამეთუ მე ვარ მიზეზი მისი აგრესიისა და სიძულვილისა, თუმცა, მტერმა იცოდეს - ღირსეული მტერი ვიქნები და პასუხსაც ღირსეულად გავცემ.

 

ამ ღია წერილით მინდა, მივმართო ყველას, მტერსა და მოყვარეს, ქართველს და არაქართველს, მართალ თანამებრძოლებს და მცდარ გზაზე დამდგარ ადამიანებს. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, ვთქვა ის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დავძლიოთ ჩვენს თავში ამპარტავნობა და შენდობა ვთხოვოთ ერთმანეთს. მოვნახოთ გზა და გავერთიანდეთ ერისა და ქვეყნის გადასარჩენად და შემდეგ - გასამთლიანებლად, რათა მომავალმა თაობამ მაგალითი ჩვენგან აიღოს და იცხოვროს ღვთივკურთხეულ, დალოცვილ საქართველოში!


ამ წერილით, მინდა, ყველას გავაგებინო, საიდან მოვდივარ და რა ტკივილს ვატარებ, რა მემეტება ჩემი სამშობლოსთვის; ეს წერილი არის პასუხი იმათთვის, ვინც დღესაც არ ცვლის რიტორიკას და 9-წლიანი რეჟიმის ინერციით იმავე აგრესიულობით, დამცირებით და უტიფრობით აგრძელებს მოქმედებას!

 

მთელი ჩემი შეგნებული სიცოცხლე ვიბრძოდი ჩემი საქმით. საქართველოს და მისი კუთხის - აფხაზეთის სახელით გამარჯვებას ვზეიმობდი საერთაშორისო არენაზე, სადაც ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ მე ვარ სოხუმელი და ქართული დროშისა და ჰიმნის ქვეშ ცრემლით აღვნიშნავდი გამარჯვებას, საქართველოს გამარჯვებას.


ამ ბრძოლაში მყოფი, სპორტის გარდა, ჩემს მართალ სიტყვას ქართული პოლიტიკაშიც ვამბობდი და ყოველთვის გამოვხატავდი ჩემს თავისუფალ აზრს ყველა მოვლენაზე!


არ დამვიწყებია ჩემი ერის სატიკვარი და მასთან ერთად ვიზიარებდი ყოველ განსაცდელს. ვებრძოდი უსამართლობას. მიუხედავად ჩემი რეგალიებისა და პრივილეგიებისა, ჩემთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ორასამდე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ვახტანგ გორგასლის ორდენის მეორე და მესამე ხარისხის კავალერი, ღირსების ორდენის კავალერი, სამგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ვარ. სპორტულ არენაზე ჩემს 33-წლიან ბრძოლას დაემატა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლა! ბრძოლა უშეღავათო და დაუნდობელი, რომელმაც, როგორც ადამიანი, გამრიყა და გამხადა მიუღებელი... შიშმა, იმედგაცრუებამ დაისადგურა ჩემს ირგვლივ. ადამიანები მოსალმებასაც ერიდებოდნენ და თუ ვინმე გაბედავდა, მათ პრობლემები არ ასცდებოდათ. მიმდინარეობდა აუდიო და ვიდეოთვალთვალი და ბინძური ჭორების გავრცელება, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ვიყავი კეთროვანივით გარიყული და მიტოვებული! ერთადერთი ნუგეში მონასტერი, პატრიარქი და მართალი თანამებრძოლები იყვნენ!


პირადი ცხოვრებაც დამენგრა. შვილებიც გრძნობდნენ რეჟიმის სიბინძურეს და შიშს. გავერიდე ყველას და სიმარტოვეში, ცრემლითა და უდიდესი ტკივილით, ღმერთს ვთხოვდი ბრძოლის ძალას, რათა არ დავნებებულიყავი. ასე, ცრემლიანი, ყოველდღიური უსამართლობისგან დაღლილი სიმარტოვეში ღმერთს ვესაუბრებოდი.


იმედი არ ჩანდა, რამეთუ ერი და ქვეყანა დაქსაქსული იყო... დასმენა, შიში, სისასტიკე... ყოველ ნაბიჯზე სიკვდილმა დაისადგურა!


გავერთიანდი „სახალხო კრებაში", სადაც უამრავი ერისშვილი გაერთიანდა რეჟიმის წინააღმდეგ. მთელი საქართველო უამრავჯერ შემოვიარეთ. ტკივილითა და უსამართლობით დაჩაგრულ ათასობით ადამიანს ვხვდებოდით, ვისმენდი მათ უბედურებას და ეს უფრო მაძლიერებდა, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი სიცოცხლის ფასად. არცერთი ნაბიჯი უკან, რამეთუ უკან მხოლოდ სიკვდილი სუფევდა. ბოლო არ უჩანდა ამ უსამართლო, სიცოცხლისაგან დაცარიელებულ ადგილს!


ბევრი სიტყვისა და ქმედების შედეგ, მთელი საქართველოს შემოვლის შემდეგ, დავიწყეთ უთანასწორო ბრძოლა რეჟიმის შესაჩერებლად და სააკაშვილის დასამარცხებლად.

 

რეჟიმის დამარცხების დასაწყისი - 2011 წლის 21-16 მაისი - ხიფათითა და თავგანწირვით სავსე დღეები.

ვიცოდით, თავგანწირვის მაგალითი აუცილებლად დარაზმავდა მართალ საზოგადოებას და ერთიანი ძალით, მართალი ძალით შევებრძოლებოდით უსამართლობას, ცინიზმს, მკვლელობებს და იმ შიშს, რაც სუფევდა საქართველოში...

 

25 მაისს დავიძარით ტელევიზიიდან პარლამენტის შენობისკენ და იქ გადავწყვიტეთ, რომ 26 მაისის აღლუმის მიღების უფლება არ ჰქონდა სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას და წავედით შეგნებულ თავგანწირვაზე, რადგან ვიცოდით, მკვლელი ხელისუფლება რასაც მოიმოქმედებდა...

 

26 მაისი, 00:15 საათი - პარლამენტის ირგვლივ მყოფი ათასობით ადამიანი მზად იყო, სუფთა გულითა და სულით ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამ უსამართლობას არ შეეგუებოდნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად ერს გააერთიანებდნენ, სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას განდევნიდნენ მშვიდობიანად, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის ფასად, რადგან რეჟიმი იარაღით შეებრძოლა თავისუფლებისათვის თავგანწირულებს! თითოეული იქ მყოფი იყო და არის გმირი, რადგან იმ თავგანწირვით დაიწყო რეჟიმის რღვევა.

 

26 მაისი, მაშინდელი ამინდი, კოკისპირული წვიმა, სიცივე... მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი იყო იმ ასეულობით ადამიანის ყურება, ვინც ამ საშინელ ამინდში ელოდა იმ საშინელებას, რაც მოსალოდნელი იყო დამნაშავე რეჟიმისგან... თვალებზე ყველას ეტყობოდა, რომ მზად იყო თავგანწირვისთვის... ყველა იქ მყოფი, გარდა შემოგზავნილი აგენტებისა და გადაცმული ზონდერებისა, გმირია!..

 

კბილამდე შეიარაღებული ზონდერების ურიცხვი რაოდენობა გარს შემოერტყა თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ამ დროს ვთქვი, დროა, ღმერთს მივანდოთ ჩვენი სიცოცხლე-მეთქი და ავედი სცენაზე, ლოცვა დავიწყე, მაგრამ იმდენად განვიცდიდი მოახლოებულ საშინელებას, რომ ენა ამებნა და ცრემლები წამომივიდა, რადგან გმირი ადამიანები იდგნენ ჩემს წინ. აქ იყო ყველა, პატარა, დიდი, მოხუცი, ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი, ყველამ ამ ლოცვით ღმერთს მიანდო თავისი სიცოცხლე... მეტირება, იმ წამებს რომ ვიხსენებ...


დაიძრა მთელი ძალა მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ... ყველამ ვიცით, სისხლი დაიღვარა... ადამიანები სასტიკად დაასახიჩრეს, შეურაცხყვეს, დაამცირეს და სული ამოგლიჯეს.... აი, ასეთი ბრძანება გასცა სააკაშვილმა და მისმა ნაძირალათა ხროვამ!


იცემა, დაიხვრიტა მშვიდობიანი მომიტინგეები... როცა შემიპყრეს, ათობით ნიღბიანი დამესია და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი უფრო მეტ ტკივილს მომაყენებდა. შეურაცხმყვეს, ხორცი დამაგლიჯეს და სამი ხელბორკილი დამადეს. ამის შემდეგ თავისუფლების მოედნამდე მათრიეს და გზადაგზა, ვისაც არ ეზარებოდა, ხელებშეკრულს მირტყამდა, მაფურთხებდა, დედას მაგინებდა. აი, ასე გადამიყვანეს დიღომში, ქალაქის სამმართველოში... გზად მიმავალი, ყვითელ ავტობუსში, სადაც სისხლის სუნი იდგა, ვფიქრობდი, რომ ეს წუთები არის სიზმარი და ვოცნებობდი, გამღვიძებოდა... არ მიცხოვრია ისე, რომ, როგორც ნაძირალას, ისე მომქცეოდნენ. მირტყამდნენ, მაგინებდნენ და ჩემს თანამებრძოლებს ჩემს თვალწინ შეურაცხყოფდნენ...


ქალაქის სამმართველოში აგვათრიეს ყველანი. ასობით ადამიანი სისხლით შეღებილი იდგა და იტანდა, როგორ სცემდნენ „სამართალდამცავნი" და ფორმიანი ზონდერები... დაიწყო წამება. ვნახე საშინელება. ქართველი ქართველს გამეტებულად სცემდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფდა. კაცის კივილი არასოდეს გამიგია და იქ გავიგე... პირველი სართულიდან მეათემდე გაკეთებული ჰქონდათ ე.წ. სირცხვილის დერეფანი, სადაც მშიშარა ნიღბიანები, „პოლიციელები" და დამსჯელი რაზმი იყვნენ განლაგებული და ამ კიბეებზე აყვანისას სცემდნენ ადამიანებს.


ვისაც მივყავდი, გლდანი-ნაძალადევის გამომძიებელს, ვთხოვდი, იქ არ გავეტარებინე, მაგრამ ის ხომ დავალებას ასრულებდა... უმოწყალოდ მირტყამდნენ და დედას მაგინებდნენ... თავისუფლების მოედანზე რკინის ხელკეტი მირტყეს, ოთხ ადგილას თავი მქონდა გადახსნილი და ჩემს სისხლს ვსვამდი სიმწრისგან... ამ სირცხვილის დერეფანში კი ისევ უმოწყალოდ მცემდნენ...


არ ვიცი, რომელ სართულზე ამათრიეს. ვხედავდი უამრავ ადამიანს სისხლში მოცურავეს, კედლები სისხლით იყო მორწყული და ყველას გასაგონად დამსჯელი რაზმის მეთაურმა დაიძახა, გიშველოთ ახლა თქვენმა ლიდერმაო და ჩემს თვალწინ დაიწყო ყველას ცემა, ვისაც მისწვდა... ღმერთო, რატომ?! ყველა მახსოვს, ვინც არიან, ყველა დავადგინე... მთელი ღამე აყენებდნენ ადამიანებს ტკივილს, მთელი ღამე გამწარებული ადამიანების კივილი მესმოდა. ჩემი ტკივილი და ხორცის გლეჯა დამავიწყდა და ვეღარაფერს ვგრძნობდი...


დილით ჩამომათრიეს პირველ სართულზე, საიდანაც სასამართლოში უნდა წავეყვანეთ. ერთმა ნაძირალა „პოლიციელმა" ჩამომახია ტანსაცმელი და ნაცემ-ნაბეგვს სურათების გადაღება დამიწყო... ამ „პოლიციელმა" გული რომ იჯერა ჩემი დამცირებით, მკითხა - შენ ის არ ხარ, პოლიციის შენობაში უშიშრად რომ შემოხვედი და ნივთები დაგვილაგეო? - და წიხლებით დამიწყო უამრავი თანამებრძოლისა და „პოლიციელების" წინ ცემა და თან მამცირებდა უკანასკნელი სიტყვებით... გავნადგურდი სულიერად და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ცხოვრება დაცარიელდა... ქვეყნად ყოველი, რაც მაძლიერებდა და ვხედავდი ლამაზ ფიქრებში, დაიმსხვრა. ეს წუთები და წამები გახდა ჩემი, როგორც ადამიანის, სულიერი და ფიზიკური დასახიჩრების და ჩემი გარდაცვალების მიზეზი...


დერეფანში, როცა ჩემს თვალწინ იმსხვრეოდა ჩემი სულიერება, ხელბორკილებით მოიყვანეს დაკითხვაზე სოსო ჯაჭვლიანი, ჩემი ძმა. კუთხეში ვიდექი ნაბეგვი, ნაცემი და ღირსებაშელახული, შემოხეული ტანსაცმლით, სისხლით მოსვრილი და მრცხვენოდა ჩემი მდგომარეობის... მრცხვენოდა, რადგან ასეთი უმწეო, დაჩაგრული, ხელბორკილით ვიდექი უამრავი ადამიანის წინ და ამ მებრძოლ ადამიანს არ შემეძლო, პასუხი, საკადრისი პასუხი გამეცა ნებისმიერი ნაძირალა „პოლიციელისთვის" და ნიღბიანი ზონდერებისთვის.


არა, არ შემშინებია, უბრალოდ, გაოგნებული ვიყავი იმ სისასტიკით, რაც ვნახე და გადავიტანე. ჩემმა გაოგნებამ და უპასუხობამ ცემასა და შეურაცხყოფაზე, აგრესია დააცხრო მათგან და რომ მხედავდნენ დაჩაგრულს, დასისხლიანებულს, მიდიოდნენ ჩემგან... ამ მოთმენამ გადამარჩინა... ვითმენდი, რადგან მჯეროდა, აუცილებლად დავამარცხებდი ამ უსამართლობას, მჯეროდა, რომ იქიდან ცოცხალი უნდა გავსულიყავი, რათა მომავალში მებრძოლა...

 

ამ ფიქრებში გართულს, სოსო მეუბნება „ეს რა დღეში ხარ, ბიჭო, ეს რა გიქნეს, ამათი დედაც"... ეს სიმწრით ნათქვამი სიტყვები მახსოვს... მთელმა საქართველომ იცის ჩემი და სოსოს ძმობა... სოსოს თვალი თვალში გავუყარე და სისხლიანი, გამწარებული ცრემლები წამსკდა... შემრცხვა, რომ ჩემი ძმა და ერის სამაგალითო ადამიანი ასეთს მხედავდა, მერჩივნა, მკვდარი ვყოფილიყავი, მაგრამ ცოცხალმკვდარი ვიდექი და ცრემლი მდიოდა... თვალს არ ვაშორებდი სოსოს, რადგან მასში იმედს ვხედავდი... მისმა სიტყვებმა ძალა მომცა, შემრცხვა ჩემი ცრემლების, თავი დავწიე, ტანზე შემოხეული ტანსაცმლით ვიდექი გასაცოდავებული.


სოსომ იყვირა - „ასე გაგყავთ გარეთ? ქურთუკი გამხადეთ და ლუკას მოახურეთ!" ასეც მოიქცნენ - ქურთუკი სოსოს გახადეს და მე ჩამაცვეს. გადამიყვანეს სასამართლოში და ადმინისტრაციული ჯარიმა დამაკისრეს, რის შემდეგაც გამათავისუფლეს.


სახლამდე ძლივს მივაღწიე. ლოგინად ჩავვარდი. ერთი კვირა ერთ ადგილს მივჩერებოდი და ვფიქრობდი - რაც ვნახე, რაც გადამხდა, ცხადი იყო თუ სიზმარი?


ცოტა ხანში ფეხზე დავდექი. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე მივედი. პატრიარქმა გადარჩენა მომილოცა და სადილზე დამპატიჟა, მომეფერა და მითხრა, ვინც ასე მოგექცა, ყველა პასუხს აგებსო.

 

ამის შემდეგ თბილისს გავეცალე და ბორჯომის ხეობაში მოსალოცად წავედი. სულიერ და ფიზიკურ ტკივილებს ვიამებდი. მონასტერმა, პატრიარქის დალოცვამ ძალა და მომავლის იმედი დამიბრუნა.


მწამდა, რომ აუტანელი რეჟიმის შიშით მცხოვრებ საქართველოში კიდევ იყვნენ გმირები, რომლებიც არ შეეგუებოდნენ ამ სისასტიკეს და სიცოცხლის ფასად იბრძოლებდნენ თავისუფლებისათვის! მჯეროდა, რომ ასეთი ადამიანები გაერთიანდებოდნენ და უსამართლობას წალეკავდნენ.


და მართლაც, 2011 წლის სექტემბერში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ერისკაცმა და ღვთისგან დალოცვილა ადამიანმა თქვა, სამშობლო გვეკარგება და მის გადასარჩენად ბრძოლაში ვერთვებიო. მალე ერთ ძალად შეკრულნი ჩავებით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და შიშისა და უსამართლობის მსხვრევა დავიწყეთ. გვწამდა ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინასი, გვწამდა მისი გადადგმული ყოველი ნაბიჯის და ამ რწმენით, სიყვარულით ვიბრძოდით სამშობლოს გადასარჩენად.

 

მე, სოსო ჯაჭვლიანმა და მერაბ შათირიშვილმა ქუთაისიდან, გელათის მონასტრიდან, თბილისამდე, სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით გავიარეთ სამი ასეული კილომეტრი.


დიახ, ვიარეთ შიშით დაღლილ საქართველოში და ყოველ ნაბიჯზე უსამართლობისაგან მგმინავ ადამიანებს ვხვდებოდით, ვეუბნებოდით მათ, რომ წართმეული ღირსებისა და სამართლიანობის დაბრუნების დრო მოვიდა. ჩვენი მსვლელობით ვაჩვენეთ მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებდით და არ დავთმობდით იმ სიმართლეს, რომლის გარშემოც იძინა ივანიშვილთან ერთად უნდა გაერთიანებულიყო მთელი საქართველო.


აი, ამ რწმენით ვიარეთ ფეხით სამასი კილომეტრი. ტკივილით დაღლილს და შეშინებული ადამიანების შემხედვარეს ამ გზაზე ბევრჯერ მომადგა თვალზე ცრემლი, მაგრამ ვმალავდი, არ მინდოდა, ჩემი ცრემლი მათთვის მეჩვენებინა და ამით ისინიც დამესუსტებინა.

 

ამ ჩვენმა მსვლელობამ ბევრ ადამიანს გაუჩინა რწმენა, რომ შიშისა და ხიფათის მიუხედავად, შეიძლებოდა თავგანწირვით ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ.

 

როცა თბილისში შემოვედით, ბატონმა ბიძინამ თავისი შვილი ბერა დაგვახვედრა ქალაქის შემოსასვლელთან და ამით უდიდესი სიყვარულით გვითხრა მადლობა ჩვენი თამამი ბრძოლისათვის.


დიდმა ერთობამ და გონიერებამ, მიზანდასახულმა ბრძოლამ, რომელშიც ყველა ადამიანს თავისი ფუნქცია ჰქონდა, მოიტანა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება. დიახ, 2 ოქტომბერს სულ სხვა საქართველოში გავიღვიძეთ. ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას.


ბრძოლაში დაღლას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ გამარჯვების შემდეგ ვიგრძენი, რომ უცებ გამოვიფიტე, ენერგიისგან დავიცალე. ჩემს სამაგალითო თანამებრძოლებს - ირაკლის, ანზორს, სოსოს ვუთხარი, რაღაც დროით მონასტერში წავალ და თუ დაგჭირდით, იქ ვიქნები-მეთქი.


ბევრი ბოროტება მოხდა ჩემს გარშემო, რამაც შინაგანადაც და გარეგნულადაც დამანგრია, მაგრამ ერისთვის, სამშობლოსთვის, ღირსებისთვის არასოდეს მიღალატია!


2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორად დავინიშნე და, ამასთანავე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს.; დაიწყო ახალი ერა ჩემს ცხოვრებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება და ყველანაირი ბერკეტი გამაჩნია, მოძალადეებს სამაგიერო მივუზღო, პასუხი არავისთვის დამიბრუნებია. ჩემი თანამებრძოლების ძმობა და სიყვარული მაძლევს ძალას, ყოველივე მოთმინებით ავიტანო.

 

ყველას, ვინც მე დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი მომაყენა, დღეს გულით ვეუბნები - მიუხედავად თქვენგან მიღებული დიდი ტკივილისა, მზად ვარ, სიყვარულით გემსახუროთ.

 

ბევრი თქვენგანი დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობს და მეც იმიტომ გადავწყვიტე ამ სისტემაში მუშაობა, რომ გემსახუროთ და სიყვარული დაგანახოთ თქვენ, ჩემს ძველ მტრებს, რომლებმაც უდიდესი ტანჯვა მომაყენეთ.


ამ ერთი წლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით და დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დავგეგმე სპორტული ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება თითოეული თანამშრომლის საერთო ფიზიკურ მომზადებას, მათი ფუნქციონირების გაუმჯობესებას, მოტივაციის გაზრდას, მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიციელების ერთმანეთთან დაახლოებას, რაც ყველაზე მთავარია, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.


ერთი წლის განმავლობაში გამართულ შიდა ღონისძიებებში გამარჯვებული 16 პოლიციელი გავაგზავნეთ მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაზე, საიდანაც გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ, 12 მათგანმა ოქროს მედლები ჩამოიტანა.


ეს შევძელი მოკლე დროში იმ სტრუქტურისათვის, რომელმაც ერთ დროს სასტიკად დამსაჯა.


ჩემი მოთმინებით, ჩემი უპასუხობით ვუფრთხილდებოდი ჩვენს ერისკაცს ბიძინა ივანიშვილს და შს მინისტრს, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა.

 

არ დაგიმალავთ, ბევრჯერ მიფიქრია, მომეძებნა და სამაგიერო გადამეხადა იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც დამასახიჩრეს, რკინის ხელკეტებით მცემეს, სისხლში მათრიეს და დამამცირეს, მაგრამ ამ ორ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ვუფრთხილდებოდი.


პირველად ვამბობ ახლა ამას - როცა ბატონმა ბიძინამ მკითხა, ლუკა, სად იმსახურებო, ვუპასუხე, ირაკლისთან-მეთქი და შეგნებულად წავედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე.

 

იმ ადამიანებს, რომლებმაც გამიმეტეს, მცემეს, დამამცირეს, სული და სხეული მატკინეს, დღეს სიყვარულით ვემსახურები შინაგან საქმეთა სამინისტროში. რატომ? იმიტომ, რომ, რაც იყო, აღარასოდეს განმეორდეს და ჩვენში დაგროვილი აგრესია ჩვენს შვილებს არ გადაეცეთ!


ვინც ამ წერილს წაიკითხავთ და სინანული გაგიჩნდებათ, ვინც მაშინ შეცდით, დღეს ძმური სიყვარულით გპასუხობთ და ძმად მიგულეთ!


ბედნიერი ვარ, რომ მქონდა საშუალება, ვყოფილიყავი ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი და თავი გამეწირა მისი არჩეული გზისთვის. ვინც ამ ერისკაცს ძალა მისცა და მასთან ერთად უბრძოლია, ჩემთვის ყველა სალოცავი ადამიანია. მართალი სიყვარულით მიყვარს თითოეული მათგანი. მიხარია მათი წარმატება და ძალიან მტკივა, თუ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ისინი ჩემთვის დაუვიწყარნი არიან!

 

ჩვენ ერთიმეორის იმედით ვიბრძოდით და ერთმანეთს ვაძლიერებდით! ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ის შეგრძნებები, რაც ერთად გამოვიარეთ, მუდამ დამრჩება.


ახლა ვფიქრობ, რა გავაკეთო? დალოცვილი ბიძინა სხვა კუთხით იწყებს ბრძოლას, ირაკლი უფრო დიდი მასშტაბით შეუდგა ახალ ბრძოლას.


ვფიქრობ, როგორ გავაძლიერო ეს ადამიანები, ერთად როგორ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო?!


შეიძლება, აღარც ვარ საჭირო, შეიძლება, გაცლა და სხვა გზით მსახურება ჯობდეს ჩემი სამშობლოსთვის და იმ ადამიანებისათვის, რომელთათვისაც სიცოცხლე არასოდეს დამენანება.

 

ყოველთვის ვიქნები მათთვის მლოცველი, ვინც ქვეყნისა და ერის მსახურებას იტვირთებს, რადგან ეს მსახურება ძალიან რთულია, ძალიან...


წრფელი გულით ვემსახურე ჩვენს სამშობლოს და მზად ვარ, ამ გულით კვლავ გემსახუროთ... თუნდაც შეცდომებდანახული, სიცოცხლეს შემოგავლებთ!


ეს არის ჩემი პასუხი ყველასათვის, ვინ დღემდე განმიკითხავს!!!

 

და ბოლოს, მინდა, გამოვეხმაურო იმას, რაც ჩემს ძმა სოსო ჯაჭვლიანსა და ნაც-ნაძირალა ბარამიძეს შორის პარლამენტში მოხდა.


მთელი წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია პარლამენტში და ახლა დაიწყო ლაპარაკიო, სოსოზე თქვა ნაც-ნაძირალამ.


როგორც ბარამიძემ თავისი ჟესტიკულაციით გვანიშნა, თურმე, ჩვენ გიჟები ვართ!..

 

დიახ, გიჟები ვართ, რადგან სიგიჟემდე გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქართველი ერი, ჩვენი ქართული ადათ-წესები!


დიახ, გიჟები ვართ, რადგან სიგიჟემდე გვიყვარს და ვაფასებთ ეროვნულ ღირებულებებს!


დიახ, გიჟები ვართ, რადგან გვჯერა ადამიანობის, მადლიერების, სინანულის, ერთგულების და მართალი საქართველოსი!


სადაც ამ ღირებულებებს გათელავენ და შიშს, დაბეზღებას, ორგულობას, არაადამიანობას დაამკვიდრებენ, იქ ჩვენ - სოსოსნაირი მართალი ადამიანები ყოველთვის გიჟები ვიქნებით!


ერთი წლის განმავლობაში ვითმენდით, რადგან იმედი გვქონდა, რომ სინანულს დავინახავდით, მაგარმ ამაოდ.

გამოსავალი ერთია - სარეველა ძირფესვიანად უნდა ამოგლიჯო და ამით მართალი გზა გადაარჩინო!

 

ჯერჯერობით დაუსჯელობის შეგრძნებამ გაათამამა ნაც-ნაძირლები, მაგრამ თანდათან ყველანი დავინახავთ, რომ სამართლიანობა საფუძვლიანად და მთელი სიმკაცრით აღსრულდება. ღვთისა და კანონის წინაშე ყველა თავის საზღაურს მიიღებს.


დაიწყება ახალი ერა და ადამიანობა, სამართლიანობა, სიყვარული იქნება ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი.

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მართალი თანამებრძოლები ვართ და თუ ამდენ ხანს ჩუმად ვიყავით, თუ ვითმენდით და პირადი ტკივილი გვერდზე გადავდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერსიკაცს - ბატონ ბიძინას გავუფრთხილდით და გავუფრთხილდებით სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ არა მონურად, არამედ რწმენით და სიყვარულით!

ღირსება უმთავრესია!

 

ლუკა-ელდარ კურტანიძე

2013 წლის 12 დეკემბერი

 

P.S. დასასრულ მინდა, სრულიად საქართველოს ცრემლით მივუსამძიმრო ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალება. მქონდა ბედნიერება, მის ბერად აღკვეცას დავსწრებოდი. ბედნიერი ვარ მისი სიტყვების გამო, რომელიც ბრძოლაში ჩართულებს გვითხრა - „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხართ - იბრძოლეთ გამარჯვებამდე!" - ეს სიტყვები დღესაც კი ჩამესმის... დიდი მადლობა მას იმ დიდი სითბოსთვის, რომელიც გააჩნდა პირადად ჩემს მიმართ...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016