22 დეკემბერს 17:00 სთ-ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შოთა რუსთაველის პროფესიული დრამატული თეატრის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და კომპანიის „ასკანელი ძმები" ორგანიზებით რუსთაველის თეატრის ფოიეში გაიმართება თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის მიხეილ ჭავჭავაძის გამოფენა.
მიხეილ ჭავჭავაძე, თეატრისა და კინოს მხატვარი, სცენოგრაფი, 1944 წლის 3 იანვარს დაიბადა ქალაქ თბილისში, ექიმი-თერაპევტის თინათინ მუჯირისა და არქიტექტორ დავით ჭავჭავაძის ოჯახში.
მიხეილ ჭავჭავაძემ ჩააბარა მისაღები გამოცდები სამხატრო აკადემიაში და სცენოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.სამხატვრო აკადემია მან 1967 წელს თეატრის მხატვრის სპეციალობით დაამთავრა.
1969-82 წლებში იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მხატვარი გახდა.
პარალელურად, 1974 წელს, მიხეილ ჭავჭავაძემ სანდრო მრევლიშვილთან და გაიოზ კანდელაკთან ერთად, დააარსა ახალგაზრდული სტუდა ''მეტეხის თეატრი'', რომლის მთავარი მხატვარიც იყო დაარსების დღიდან.
1981 წელს მიხეილ ჭავჭავაძეს მიენიჭა საქართვეელოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ხოლო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში დადგმული ი. სამსონაძის პიესის - ''ბედნიერი ბილეთის'' - სცენოგრაფიისათვის, 1991 წელს დაჯილდოვდა საქართვეელოს სახელმწიფო პრემიით.
1995 წელს მიხეილ ჭავჭავაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 51 წლის ასაკში, გულის შეტევით. იგი საბურთალოს სასაფლაოზეა დაკრძალული.