მუსიკალური ბიზნეს კომპანია „ბრავო რეკორდსმა" მუშაობა დაასრულა ახალ მუსიკალურ პროექტზე - "მე ვხედავ მზეს". პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით ხორციელდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია დღეს, „ბრავო რეკორდსში" გაიმართება.
პროექტის ძირითადი მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოების მხრიდან და მათი პრობლემების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამახვილება.
პრეზენტაციას წარუძღვებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია.
პროექტი გულისხმობს CD ალბომის გამოცემას, რომელშიც შედის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია, როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოები, ასევე ჯერაც უცნობი სიმღერები.
კოლაბორაციები: ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი, ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" და მერი პაპუნაიშვილი; ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი; ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე, ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე; ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური, ბესო ლეკიაშვილი და ლადო ინასარიძე,ანსამბლი "შვიდკაცა"და ნატალია ვეფხვაძე; "ფორტე", მაიკო კუცია და ანი სიხაშვილი; კვინტეტი "Quintessential Five" და ქალთა კვარტეტი.
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე.
CD ალბომი მხატვრულად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდამ, ლექსო ფოდიაშვილმა გააფორმა. სპეციალურად ამ პროექტისათვის ალბომის სათაური "მე ვხედავ მზეს" ცნობილ მხატვარ გია გუგუშვილთან ერთად სამხატვრო ტილოზე ასახა და პროექტს უსახსოვრა. სწორედ მათი ნახატის დეტალებზე დაყრდნობით შეიქმნა ალბომის დიზაინი.