26 ივლისს, 12 საათზე, ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სადისტურად მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის ცხედარი დაასვენეს. მისმა მკვლელობამ საქართველო შეძრა. ყველას ერთ კითხვაზე სურდა პასუხი: რატომ გამოსჭრა მკვლელმა ყელი გოგონას, რომელიც სანაპიროზე იჯდა და ბლოკნოტში ჩანაწერებს აკეთებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ირანშიც აქვს დანაშაული ჩადენილი. „მარიამმა ინგლისური იცოდა და შეიძლება მკვლელს გამოელაპარაკა. ამ ბიჭზე ჩანახატებს აკეთებდაო, ჩვენც გვითხრეს. დეტალები არ ვიცი, დღიური პოლიციაშია. ისეთი ტრაგედია მოხდა, გაანალიზებას ვერ ვახერხებ",-ამბობს მარიამის ნათლია. 16 წლის მარიამის მკვლელობის მიზეზად თავდაპირველად, ძარცვას ვარაუდობდნენ, მაგრამ ეს ვერსია გამოირიცხა. უკვე ცნობილია, რომ მკვლელმა მარიამის ველოსიპედი მხოლოდ გადასაადგილებლად გამოიყენა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ქუჩაში მიაგდო, შავი ტაქსი გააჩერა და სარფის საბაჟომდე იმგზავრა. ნაპოვნია ასევე მარიამის კუთვნილი „აიფონ 4". ახლობლები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მსხვერპლშეწირვას განიხილავენ. თვლიან, რომ მკვლელი სექტანტია და რიტუალი ჩაატარა. მან მარიამის ნათლობის ჯვარი და ბეჭედი წაიღო. „მოვითხოვთ, არც ერთი ირანელი არ შემოვიდეს საქართველოში... მარიამი წმინდა ქრისტიანი იყო. ვფიქრობთ, მკვლელმა შეიწირა მსხვერპლად. იმ ტერიტორიაზე ბომჟები იკრიბებიან, მარიამს ეცოდებოდა და საჭმელი მიჰქონდა. შეიძლება მკვლელისთვისაც მიუტანია. ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ვფიქრობთ, ბოთლის ნატეხით აქვს ბავშვს ყელი გამოჭრილი. პირდაპირ არტერია გადაუჭრა. სხვა ძალადობის კვალი სხეულზე არ ეტყობოდა, არც გაუპატიურებული იყო. ქათამივით გამოსჭრა ყელი და რომ არ ეფართხალა, ლოდი დაადო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტკივილს განიცდიდა ბავშვი, სიმწრისგან მიწა ხელით მოუფხოჭნია. ასეთი ადამიანი ცოცხლად უნდა დაწვა. სასწრაფოდ დააკავონ და უმკაცრესად დასაჯონ, თუმცა რა ნუგეშია ჩვენთვის... მარი ჩანახატებს წერდა, პატარა ბლიც-ინტერვიუებს აკეთებდა, მათ შორის ბომჟებთანაც. პოლიციაში გვითხრეს, იმ მკვლელსაც იცნობდაო, ეტყობა, გამოელაპარაკა. ამბობენ, მარიამის ბლოკნოტში ირანელი მკვლელი ტურისტის ცხოვრებაა აღწერილიო. რად უნდოდა მარიამის ჯვარი? ესეც მიანიშნებს, რომ სექტანტია", - ამბობს მარიამის ბიცოლა.