ჭაბუა ამირეჯიბის ცხოვრება: ეკლიანი გზით - ვარსკვლავებისკენ!
ეს იყო ბედიც და არჩევანიც. ბედი - იმიტომ, რომ დიდი ძნელბედობის ჟამს დაიბადა; არჩევანი - იმიტომ, რომ თავისუფალთა მოდგმისა იყო, ძალადობას ვერ ეგუებოდა!
თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება ისე გამოიარა, წამითაც არ შეჩერებულა. არ შეჩერებულა მაშინაც კი, როდესაც აკავებდნენ. მუდამ გარბოდა!
თვითონ იყო გორა მბორგალი - იაგორ კარგარეთელი - სიცოცხლით დაღდასმული გმირი; თვითონ იყო დათა თუთაშხია - არზნევ მუსკია - კეთილშობილი აბრაგი, მთვარის დფეს დაბადებული სული კრებითი!
სულის „მწვართველი" კაცი იყო. ამიტომ ყველაზე მეტს საკუთარ თავს ებრძოდა!
წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა მის თავზე, სხვა ყველა ჭირსახდელი მოილია, მაგრამ არ დაცემულა, არ გაბოროტებულა, არ დაუყრია ფარ-ხმალი!
მოგვთა მისანივით შეეძლო გადაედნო უიღბლობა იღბლად, ტანჯვა სიხარულად, მარცხი გამარჯვებად!
ორბის ბუნება ჰქონდა სულში ჩაბუდებული. ბევრჯერ ფერფლიდან აღმდგარა წუთისოფლისგან დაუნდობლად გამეტებული!
სასწაული ნიშანივით დაჰყვებოდა, როგორც რჩეულს, დავლათიანს!
ახლაც მახსოვს „დათა თუთაშხიას" გამოქვეყნება ჟურნალ „ცისკარში". თუ სიტყვა შეიძლება შეცვალოს ქვეყანა, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვამ შეცვალა საქართველო. მოულოდნელად მოგვევლინა გმირი, რომელმაც თამამად გადმოაბიჯა ლიტერატურის ჩარჩოებიდან და ცხოვრებაში გადმოვიდა, ჩვენ შორის დადგა, გაგვამხნევა, იმედის სხივი აგვინთო. ყველას სათქმელი ლამაზად გამოხატა მურმან ლებანიძემ:
რომანზე დაგთენებია,
ფანჯრებში რიბირაბოა;
რა ზვრები, რა მტევნებია,
ამირეჯიბო ჭაბუა!
მწარე რეალისტი იყო, მაგრამ, ამავე დროს, არ მინახავს სხვა მასზე უფრო ლაღი იდეალისტი, დონკიხოტურად მაღალი თავისი შინაგანი თავისუფლებით!
ღირსეულად იდვა თავს და ბოლომდე ატარა ცალკერძ ტვირთი ადამიანობისა, ცალკერძო ტვირთი არისტოკრატობისა!
სიცოცხლის ბოლოს ბერის ხარისხით შეიმოსა და, ალბათ, ეს იყო გამოხატულება იმისა, თუ სადამდე მიჰყავდა წვართვა სულისა!
სრბოლა გრძელდება: ეკლიანი გზით - უკვდავებისკენ!
თამაზ წივწივაძე