reportiori.ge - „ჭკუით, ქართველებო, ჭკუით...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ჭკუით, ქართველებო, ჭკუით...“
ავტორი:
20 დეკემბერი, 2013. 17:01

ჭაბუა ამირეჯიბის ხსოვნას

 

ყოველი წინა საუკუნე მომდევნო საუკუნეში მთავრდება, იწურება ერთი თაობის ენერგეტიკული დრო და სრულიად ახალი რეალობა დგება...

ყოველი საუკუნის დამდეგი დრამატულია: XX საუკუნეში ჩაქრა XIX საუკუნიდან გადმოსული ქართველ მწერალთა და მამულიშვილთა „მანათობელი ხომლი" - წუთისოფლის სახლიდან ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ დიდი ილია, გენიალური ვაჟა-ფშაველა, ბრწყინვალე აკაკი წერეთელი და სხვანი და სხვანი...

XX საუკუნის დასაწყისი - განსაკუთრებით წიწამურზე ნასროლი ტყვიით - საბედისწეროდ შებრუნდა ქართველი ერისთვის, ქვეყანა ერთ ხანს წყვდიადმა და სულიერმა უმწეობამ მოიცვა. ამ სატანურმა დრომ და რეჟიმმა ლამის მთლიანად ამოშალა ერის გენეტიკური კოდი და ზნეობრივი დასაბამი...

XXI საუკუნის დამდეგიც ასეთივე ბედისწერული გამოდგა: ისევ და ისევ ეშმაკის ზეობა: ერზე ზნეობრივი ძალადობა, რეპრესია და... არაერთმა ბრწყინვალე მოღვაწემ, მწერალმა და ხელოვანმა გულნატკენმა დატოვა საწუთრო...


***

ამ აპოკალიფსური დროის ტრამალი (XIX საუკუნის გზაჯვარედინზე) მოულოდნელად გადმოჭრა უცნობმა ქარიზმულმა მგზავრმა, თითქოს საკრალურმა მხედარმა; მან სასწაულად გამოვლო ბედისწერული გზა და იუპიტერივით შემოანათა XX-დან ოცდამეერთე საუკუნეში... ეს „მგზავრი" აღმოჩნდა „დათა თუთაშხიას" ავტორი - მაღალი, ხმელი, არისტოკრატი ქართველი საკრალური შარმით, „თუთაშხას" ტვიფარით აღბეჭდილი „მაგი" - ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი!..

მისი რომანის დრამატიზმი (და მხატვრული ღირსება) იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ერთ მომენტში საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა მისი არსი და მისი ავტორის რეალური (ხორციელი) არსებობა...

ჭაბუა ამირეჯიბმა შექმნა სრულიად ახალი წიგნი, სტერეოტიპების გარეთ მდგომი, ძველი და ახალი სტილის და აზროვნების სინთეზური მოდელი, იმდენად თვითმყოფადი და ამოვარდნილი „სისტემური პროცესიდან", რომ საზოგადოებაც და სახელმწიფოც სახტად დარჩა...

დათა თუთაშხიას მისტიკურმა პერსონაჟმა, როგორც უმთვარო ღამის მხედარმა, ისე გაიარა ქართველი ერის სულიერ ყანაზე... დატოვა უცნაური ნათების კვალი და თავისი წილი - მომიკლი და მოსამკელი...

დიდი ჭაბუა ამირეჯიბი, ისევე, როგორც XIX საუკუნის ზნეობრივი სივრცის მწერლები, საკუთარი პერსონაჟების ორეულად იქცა - ყოველ გზაჯვარედინზე და „ეშმაკის მოსახვევებში" ზნეობის საგუშაგო სამანები ჩადგა... და წინ აღუდგა არაერთ მზაკვრობას...

ეროვნული ძალებისთვის, მამულისთვის, ყოველი ჩვენგანისთვის, ვისაც სტკიოდა და აწუხებდა სამშობლოს ბედი, მეტად მკვეთრი და ეფექტური (და ბრძნული) იყო მისი მხარში დგომა: კალმის ერთი მოსმა, ფრაზის ერთი გაელვება...

ჭაბუა ამირეჯიბის დრამატული ცხოვრება მისდამი განუწყვეტელი დევნის და თვალთვალის პროცესი იყო. მითოსურ - ქაჯთა ხელით შექმნილ სისტემაში. მან, როგორც „თუთაშხას ორეულმა", გააღწია ამ „შავი ტვიფარიდან" და, შეიძლება ითქვას, რომ მან მოიგო ქაჯებთან დიდი ომის ერთი ფაზა (საკუთარ ერთან ერთად)...

„გორა მბორგალი" მისი დევნის უწყვეტი პროცესია... რომელიც ახლაც გრძელდება... ხოლო „დათა თუთაშხია" მისი მარადიული ბრძოლა უზნეობასთან - რომელიც ჯერაც არ დასრულებულა!..

დრო, რომელიც დადგა და რამდენადმე შერბილდა ქართველი ერის საარსებო სივრცეზე, გარკვეულწილად ამ უბადლო წიგნებმა და მისმა ავტორმაც დააყენეს...

ჭაბუა ამირეჯიბმა სიცოცხლე მიწაზე ბერი დავითის ფალანდრით (ფილონით) გაასრულა. ამით სულიერი სიწმიდის და რწმენის ანდრეზული მაგალითი დაგვიტოვა! იგი სიცოცხლის ბოლო ჟამამდე სულიერად სუფთა და უშიშარი დარჩა, „ივთარცა უხორცო", ამიტომაც მყოვარჟამს გვქონდა მისი იმედი და მივაშურებდით საშველად!..

ბოლო ხანს ჩვენ არ გვესმოდა მისი ხმა, რომელიც ჩაეხშო (დაეკარგა) „უდაბნოთა შინა" ძახილით, მაგრამ მას ესმოდა ჩვენი ხმა და მივდევდით მის მიერ დიდ ეტრატზე (დაფაზე) გამოსახულ ქართულ სიტყვათა და ბგერათა (ასო-ნიშანთა) ენერგიას! ჩვენ ამოვიკითხეთ მისი ერთ-ერთი ბოლო ანდრეზულ-საკრალური ფრაზა - (გზავნილი ქართველი ხალხისადმი).

„ჭკუით, ქართველებო, ჭკუით!.."

მართლაც „ჭკუით, ქართველებო", თორემ მტერი ჩვენი არ არის უჭკუო და ვერ მოვიგებთ ომს მასთან.

ჭკუა ერთია და ცოდნა მეორე: - უჭკუოდ ვერ შევალთ უცნობ დროში და ვერ დავბრუნდებით იქიდან!.. ვერ შევალთ მდინარეში, რომელმაც უნდა ჩამოიაროს!..

დიახ, გლობალურ დროთა უდაბნოში გზააბნეულ ერს ანდერძად დაგვიტოვა ეს ფრაზა ჭეშმარიტად ნათელმა გონმა („ჭკუით, ქართველებო, ჭკუით!")

დიდი ტკივილია ქართველი ერისთვის მისი გასვლა წუთისოფლიდან.

მარადიული პატივი, ხსოვნა და ნათელი მას.


საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელით:

თამაზ წივწივაძე; გიორგი კვესიტაძე; რეზო ამაშუკელი; ავთანდილ არაბული; კობა არაბული; გივი ალხაზიშვილი; ალეკო გაბელაია; ჯუმბერ გოგრიჭიანი; რისმაგ გორდეზიანი; ჯემალ დავლიანიძე; ბათუ დანელია; ლექსო დორეული; თამარ ერისთავი; შოთა ზოიძე; გენო კალანდია; ზაურ კალანდია; რენე კალანდია; დავით კახაბერი; გუჩა კვარაცხელია; ემზარ კვიტაიშვილი; ჯუმბერ ლომინაძე; როინ მეტრეველი; თემურ ნანეიშვილი; ავთანდილ სილაგაძე; გივი სიხარულიძე; რომან შაქარაშვილი; თემურ ჩალაბაშვილი; ავთო ჩხაიძე; ვახტანგ ხარჩილავა; ელგუჯა ხინთიბიძე; ელიზბარ ჯაველიძე; ჯემალ ჯაყელი; ოთარ ჯირკვალიშვილი.


ლიტერატურული საქართველო


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016