საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სინგაპურის პრეზიდენტს ტონი ტანს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრის მთავარი თემა ის ეკონომიკური რეფორმები იყო, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ტონი ტანთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სინგაპურის მოდელი საქართველოს რეფორმების წარმატების გარანტი გახდა. მისი თქმით, საქართველოსთვის კვლავაც აქტუალურია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც სინგაპურს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით აქვს. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა შეხვედრა სახელმწიფო განვითარების მინისტრთან ხავ ბუნ ვანთანაც გამართა. მხარეებმა ყურადღება ეკონომიკურ და საინვესტიციო ფონდებთან ურთიერთობის პერსპექტივებზე გაამახვილეს. დღესვე მიხეილ სააკაშვილი სინგაპურში სხვა მაღალი რანგის შეხვედრებსაც გამართავს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებიან.