ამ ბოლო დროს ელჩად ნამყოფმა ორმა ელჩად ნამყოფმა „ნაციონალმა" ისეთი განცხადებები გააკეთა, ღიმილი მომგვარა ერთმა, რომლის საყვარელი ფრაზაა: „როდესაც პარიზიდან დავბრუნდი", ტელეეკრანიდან, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ განაცხადა: ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებიან გიორგი მეთერთმეტის და მისი ჯარის მსგავსადო. „პარიზელმა" ექს-ელჩმა, თავისი ჭკუით, დიდი კომპლიმენტი გაუკეთა ნატოსაც და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკასაც, როდესაც ეს შედარება მოახდინა. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა ბევრად არ გაუმჯობესებულა მე-17 საუკუნესთან შედარებით, როდესაც სამხედრო ხარკს მოძალადე სეფიანთა სპარსეთს ვუხდიდით, ახლა კი „დემოკრატიულ დასავლეთს" ვუხდით! მაგრამ, რაიმე განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის თუკი მაინც არსებობს, დაე, ავღანეთში ნატოს მისიის აპოლოგეტი ნაცები თავად გაუსწორდნენ ბედოვლათ ნაელჩარს.
მეორე ელჩად ნამყოფმა ნაციონალმა, რომელიც რომიდან დაგვიბრუნდა, გაზეთის ფურცლებიდან შემდეგი განაცხადა: „სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი ჩვენ უდიდეს შანსს მოგვცემს რუსეთზე ზეწოლისთვის"-ო. როგორც ჩანს, იტალიაში დიპლომატიური სიმაღლეების დამპყრობი ნაცის ლოგიკით, ჩვენი ბოიკოტის გამო მსოფლიოში სკანდალი ატყდება და კიდევ ერთხელ „ყველას დავანახებთ რუსეთის ნამდვილ სახეს". და, რაც მთავარია, ნაცების მიერ განადგურებული ერთიანი საქართველოს ნამსხვრევების ქვეშ მოყოლილნი ასე ქვემოდან მოვახდენთ რუსეთზე „ზეწოლას"...
თუმცა უსამართლობა იქნება, „ნაცურ სიბრძნეს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წევრის „ღრმააზროვანი განსჯა" არ დავუპირისპიროთ. ცნობილმა კონსტიტუციონალისტმა დეპუტატმა, რომელმაც თავის დროზე გენერალი დავით თევზაძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თბილისზე წამოსული ელიავას ბანდები თავდაცვის სამინისტროს ძალებით გაფანტა (ამაზე ჯერ პარლამენტში უნდა გვემსჯელაო! - აღშფოთდა მაშინ პატ. კონსტიტუციონალისტი), ახლა შემდეგი განაცხადა: საქართველოში მონარქია ვერ აღსდგება, რადგან დროში დიდი წყვეტილობააო! ვერაფერს იტყვი კაცი, მონარქიას „წყვეტილობა" აქვს, პარლამენტარიზმი კი საქართველოში, ალბათ, მისი წარმოშობის დღიდან არსებობს და ასე უწყვეტად ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ „საპარლამენტო" ცხოვრებით... აქ მე-12 საუკუნეში ყუთლუ-არსლანის დასის უდღეური გამოსვლა გავისხენოთ თუ დამოუკიდებელი რესპუბლიკის ის სამი წელი, რომელიც მაშინდელი, ასევე „ბრძენი" პარლამენტის გადაწყვეტილებებით კრახით დასრულდა, არ ვიცი... (სხვათა შორის, „პირველი პარლამენტის" შემხედვარე, ქართველი სამხედროები გერმანელთა დახმარებით სწორედ მაშინ აპირებდნენ საქართველოში მონარქიის აღდგენას, მაგრამ არ დასცალდათ - იხ. შალვა მაღლაკელიძის „მოგონებები").
მოკლედ, პოლიტიკოსების გადამკიდე, გამუდმებით უნდა ვიმეოროთ: „ღმერთო, იხსენ საქართველო!"
ვიქტორ რცხილაძე
„ლიტერატურული საქართველო"