„შეიძლება ვცდები, თუმცა მგონია, რომ პროკურორებს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხელი სჭირდებათ" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. როგორც მან აღნიშნა, პროკურორები გაუსაძლისი წნეხის ქვეშ არ უნდა იყვნენ, მაგრამ სიმკაცრე საჭიროა იმათ მიმართ, ვინც ხალხის უბედურებაში ფეხი ჩადგა - „ რეალურად პროკურორებს სჭირდებათ მშობელი, რომელიც მათ მოუვლის - მათ ინტერესებს დაიცავს გარეთ და შიგნით წესრიგს დაამყარებს "- აღნიშნა წულუკიანმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ინდივიდუალურ საქმეებში არ ერევა - „ეჭვი მეპარება, რომ მან მთავარ პროკურორს რაიმე ინსტრუქცია მისცეს საკადრო საკითხებში, ეს მთლიანად საპროკურორო საკითხია, რასაც სპეციფიური ცოდნა სჭირდება" როგორც წულუკიანმა განაცხადა, მას პროკურატურასთან ბევრი შეკითხვა აქვს - „მე პროკურატურასთან 25 ოქტომბრის შემდეგ მქონდა და მაქვს ბევრი კითხვა, უბრალოდ, 25 ივნისის შემდეგ, რაც „პროკურატურის შესახებ" ახალი კანონი ძალაში შევიდა, ამ კითხვებს აღარ ვსვამ, რადგან ეს კანონით ამეკრძალა... ვეთანხმები პრემიერს, რომ პროკურატურა დღეს სუსტია და ვერ უმკლავდება იმ უსამართლობის განცდას, რაც საზოგადოებაშია. პროკურატურას ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელსაც ნოემბრის შემდეგ აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა. ახლა, ეს გაფორმებულია კანონით. ვფიქრობ, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ საქმეზე, რაც აბარია" - განაცხადა თეა წულუკიანმა.