23 დეკემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული იხსნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინიციატივით და „UNESCO"-ს მხარდაჭერითღონისძიების ფარგლებში გაიმართება „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხროვანი მინანქარი" ფილმის ჩვენება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში დამზადებული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედის ხატის ტიხროვანი მინანქრის მედალიონის ასლი, ანტიკური პერიოდის მოსამინანქრებელი „კოლხური ხუფი" და XI-XII საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის „სახელოსნო".
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა უძველეს ტექნოლოგიურ პროცესთა შესწავლა და ყველა იმ ხელსაწყოს რეკონსტრუქცია, რომელიც შუა საუკუნეებში ტიხროვანი მინანქრის დამამზადებელი სახელოსნოებისათვის უნდა ყოფილიყო საჭირო. პარალელურად, ხდებოდა არქეოლოგიური მასალის შესწავლაც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან სამეცნიერი მონაპოვარს წარმოადგენს ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს, 1966 წელს მოპოვებული რკინის დაფანჯრული კონუსური ფორმის ხუფი და მისი ლანგარი.