საქართველოს მწერალთა სახლში ლუის კეროლის წიგნის - "ელისის თავგადასავლის" პრეზენტაცია გაიმართა. ახალი თარგმანი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" გამოსცა.
ეს არის პირველი სრული ქართული გამოცემა, რომელიც აერთიანებს ლუის კეროლის ამბავს ელისის თავგადასავლების შესახებ "საოცრებათა ქვეყანასა" და "სარკისმიღმეთში".
წიგნი ჯონ ტენიელის ორიგინალური ილუსტრაციებით არის გაფორმებული, ქართულად კი გიორგი გოკიელმა თარგმნა. მან აღნიშნა, რომ წიგნი რთული სათარგმნი იყო და ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ამ წიგნის თარგმნისას, სამიზნე ჯგუფად ყველაზე ნაკლებად ბავშვები ჰყავდა მხედველობაში.
„ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი გამოვიდა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ, დაახლოებით 40 წელიწადია მე ამ წიგნს ვუტრიალებ. პირველი წაკითხვისას ძალიან იმოქმედა ჩემს წარმოსახვაზე. შემდეგ როცა მე უკვე დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა, უკვე ჩამესახა ეს ფიქრი, რომ იქნებ ოდესმე ვთარგმნო მეთქი, მაგრამ ეს იმდენად რთული სათარგმნია, რომ როცა დაიწყებ, ბოლოში გახვალ თუ არა, არ იცი. რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. მაგრამ ამ წიგნის თარგმნისას მე მაინც მხედველობაში მყავდა მოზრდილი, ინტელექტუალური მკითხველი", - აღნიშნა გიორგი გოკიელმა.
ასევე განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა სახელი ალისას შეცვლა - ელისით, წინამორბედი თარგმანებისგან განსხვავებით.
"მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეულები ვართ ალისას, სწორი სახელია - ელისი. ალისა ეს არის რუსული ფორმა, რომელიც შემოსულია უფრო გერმანულის გავლენით", - ამბობს მთარგმნელი.