ხულოში, სოფელ რიყეთის მცხოვრებლები კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ბარათები სოფელში მცხოვრებ 136-დან 69 ოჯახს დღემდე არ მიუღია. იმ იმედით, რომ ბარათები მოგვიანებით დაურიგდებოდათ, ინდმეწარმისგან ვალით ბარათების ღირებულების მინერალური სასუქები და სამუშაო იარაღები შეიძინეს. მოსახლეობის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ და რეგიონის ხელისუფლებას; თავიდან მიიღეს დაპირება, რომ განმეორებით სიებში მოხვდებოდნენ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მათ განუცხადეს, რომ პროგრამა დასრულდა და სასოფლო ბარათებს ვეღარ მიიღებენ. რიყეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ შეეცდებიან მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს. ხულოს მუნიციპალიტეტში ანალოგიური პრობლემა თითქმის ყველა სოფელს აქვს. ხულოში მცხოვრები 9600 ოჯახიდან ბარათი მხოლოდ 7074-მა მიიღო.